გენპროკურორის არჩევის ახალი წესი: რით იმშვიდებს თავს „ქართული ოცნება"

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრაქტიკაში იქნება პრობლემები, თუმცა მთავარი პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი გრძელვადიან პერსპექტივაში არ იმოქმედებს და მხოლოდ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტზე გავრცელდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, სასამართლო რეფორმასთან ერთად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება – ეს ყველაფერი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნების ნაწილია, რომელიც ქვეყანამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.
გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას კონსტიტუციაში შესწორება სჭირდება.

„თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ ეს წესი გავრცელდება მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტზე. ამ წესს გრძელვადიან პერსპექტივაში არ დავტოვებთ, ეს არის ერთადერთი, რითაც თავის დამშვიდება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, პრაქტიკაში იქნება პრობლემები, თუმცა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი 12 პუნქტის შესრულებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ კანონპროექტს უპრეცედენტო უწოდა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პროკურორი ირჩევა უმრავლესობით და ერთი წლის ვადით, არის „სამართლებრივი ნონსენსი“.
„ალოგიკურია. როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირი კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევა, ასეთ დროს უმცირესობას მისი დაბლოკვა და ძალაში ძველის დატოვება მარტივად შეუძლია“, – აღნიშნა კობახიძემ.
როგორც დეპუტატმა დასძინა, კანონპროექტი ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე მმართველობით პრინციპებს.
გენპროკურორის არჩევის ახალი წესი: დაიწყო საჯარო განხილვები>>>
„აქ დარღვეულია სამართლებრივი და მმართველობის პრინციპები. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაცია, ამის გათვალისწინებით ჩვენ ამ კანონპროექტს წარმოვადგენთ და ერთხმად მხარს დავუჭერთ. ეს უმრავლესობის პოზიციაა“, – აღნიშნა კობახიძემ.
კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად „ქართულ ოცნებას“, რომელსაც პარლამენტში მხოლოდ 75 დეპუტატი დარჩა, ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება, მათ შორის არაერთი მთავარი ოპონენტის. თუმცა საჯარო მოსმენებში მონაწილეობა არცერთ წამყვან ოპოზიციურ პარტიას არ მიუღია.
„თუ ვინმე ოპოზიციიდან ამ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, ამ შემთხვევაში ნათელი იქნება, რომ ეს ადამიანები 12 პუნქტის და კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მიდიან“, – განაცხადა კობახიძემ.
ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა ამ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0