საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი - რა არ მოსწონს ოპოზიციას

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი მესამე მოსმენით უნდა მიიღოს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე კვირისა.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საწყისი ვარიანტის განხილვა დასასრულს უახლოვდება.
ბოლო კომიტეტი, რომელიც ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს განიხილავს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია, რომლის სხდომაც ორშაბათს გაიმართება.
რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი განხილვის შემდეგ პროექტი დასამუშავებლად მთავრობას გადაეგზავნება. კანონპროექტის ახალი ვარიანტი კვლავ წარედგინება პარლამენტს და კვლავ დაუბრუნდება მთავრობას რედაქტირებისთვის.
პროექტის პირვანდელი ვარიანტი ოპოზიციას არ მოსწონს. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მთავარი მიზეზი თანხების არამიზნობრივი გადანაწილებაა.

„ბევრი პრობლემაა, მათ შორის სოციალური მიმართულებით... ბიუჯეტი ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით ძალზე გაბერილია. რა თქმა უნდა, ჩვენს ფრაქციას ჰქონდა შენიშვნები“, – განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.

თუ გვსურს, რომ ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზე იყოს ორიენტირებული, მაშინ რეალურად შესაძლებელია იმ ცვლილებების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს, აღნიშნა მან.
სხვა მოსაზრება აქვთ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საქართველოში არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გამოიხატება საპენსიო ფონდის ზრდასა და თავდაცვის ძალებისთვის ხელფასის გაზრდაში.
„ბიუჯეტში არის მნიშვნელოვანი ციფრები იმ თვალსაზრისით, რომ გაიზარდა მაკროეკონომიკური ნაწილი. ჩადებულია მშპ-ის 5%-იანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ნომინალში მიაღწევს 79,6 მლრდ ლარს. იზრდება პენსიები, ასევე იზრდება 20%-ით ხელფასები ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის", – განაცხადა კოვზანაძემ.
როგორ გადანაწილდება თანხები
პროექტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 1,9 მლრდ ლარით, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით 21,3 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 2,6 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,2 მლრდ-ს შეადგენს.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს დაახლოებით 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარს შეადგენს.
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 4,8 მლრდ ლარი იქნება.
ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, პენსიების მომატებას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას.
სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი ფენების სამუშაოთი უზრუნველყოფას.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს დაახლოებით 3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი ფული კი სხვა ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რემონტსა და სკოლების მშენებლობას.
საქართველოში 2023 წლიდან პენსიები გაიზრდება>>>
პროგნოზის მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 2 მლრდ ლარი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების მომატებას 125 ლარით, ასევე სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-ით ზრდას. პროექტი ითვალისწინებს ხელფასის ზრდას 15-დან 18 ლარამდე ერთ საათზე პროფსასწავლებლების მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, თანხა მოხმარდება სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის, რომლის ბიუჯეტი 1,2 მლრდ ლარს შეადგენს. ფული მოხმარდება სამხედროების ხელფასების 20%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას.
გაიზრდება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და ის 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. აქაც პოლიციის თანამშრომლებს მოემატებათ ხელფასი 20%-ით.
ასევე თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების მიზნით გაიზრდება სუსის ბიუჯეტი და გახდება 180 მილიონი ლარი.
გაიზრდება კულტურის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასებიც 10%-ით, ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 401,2 მლნ ლარს.
მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს 22 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი – 9,1 მლნ ლარს.
პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი მესამე მოსმენით უნდა მიიღოს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე კვირისა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0