მინისტრი: რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღების საჭიროება არ დგას

© press-service of the Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. კონტროლის არსებული მექანიზმები სრულად პასუხობს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, ამიტომაც ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობა არ არის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიმართ სავიზო პოლიტიკის გადახედვა არ გამორიცხა. ასეთი „საკმაოდ ლიბერალური“ პოლიტიკა, შესაძლოა, ნაკლებად მისაღებია დღევანდელ გარემოში, განაცხადა ზურაბიშვილმა ორშაბათს მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„თუ დადგება მომენტი, როცა ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება დაიწყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, – განაცხადა, თავის მხრივ, ლაშა ხუციშვილმა.

საქართველო რუსეთის მოქალაქეების რელოკაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყანად განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. მალე საქართველო–რუსეთის საზღვარზე საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი ავტომობილების რიგი გაჩნდა.
ამის ფონზე საქართველოში გააქტიურდა ოპოზიციონერების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ნაწილის ხელისუფლებისადმი მოწოდებები საზღვრის ჩაკეტვის, ან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ხელისუფლებამ აღნიშნულ მოწოდებებს არაგონივრული უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსების გაზრდილი ნაკადის მიუხედავად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
უფრო მეტიც, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ეთნიკურ ქართველებსაც შეეხება. რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, თქვა კობახიძემ.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების პიკი 23-26 სექტემბრის პერიოდში იყო, როდესაც ქვეყანაში რუსეთიდან 40.548 ადამიანი შემოვიდა (გავიდა 22.929).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0