ლაშა ხუციშვილი: ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841ბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
პროგნოზების გაკეთება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც კი უჭირთ და ის, თუ როგორ შეიცვლება ინფლაციის დონე საქართველოში, დიდწილად დამოკიდებულია რეგიონში არსებულ ვითარებაზე, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის სექტემბერში, გასული წლის სექტემბერთან შედარებით) 11,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადზე გადაანგარიშებით ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (14,1%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (15,7%), ჯანდაცვაზე შემცირდა 1,1%-ით. სურსათზე ფასები წლიური 15,8%-ით გაიზარდა.
„ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო, არა იმ ტემპით, რა ტემპითაც ყველა ვისურვებდით, მაგრამ ძალაშია მოლოდინი, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია ახლოს უნდა იყოს მიზნობრივ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, პროგნოზების გაკეთება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც კი უჭირთ და როგორ შეიცვლება ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში, დიდწილად დამოკიდებულია როგორც უკრაინაში, ისე მთლიანად რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციური ზეწოლა კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.
მარეგულირებლის ანალიტიკოსების თვალსაზრისით, ინფლაციურ რისკებს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ თანმიმდევრული შოკების ფონზე ინფლაცია დიდი ხნის განმავლობაში გადახრილი იყო მიზნობრივი დონიდან.
თუმცა ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა. მარეგულირებლის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენციები ეტაპობრივად აისახება ადგილობრივ ბაზარზე და დადებითად გავლენას მოახდენს ინფლაციის დინამიკაზე.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ შემდგომი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფიქრობს, რომ 2023 წლის მეორე კვარტლის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ დონეს - 3%-ს მიუახლოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0