რაჭაში რთველის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
კახეთის რეგიონის მსგავსად, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც ფერმერთა მხარდასაჭერად რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რაჭის რეგიონში ღვინის საწარმოებს ყურძენი 900-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 5,5 მილიონ ლარს აღწევს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში სექტემბრის დასაწყისში იწყება. ლეგენდარული „ხვანჭკარას" სამშობლოში, რაჭაში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება.
ბოლო მონაცემებით, რაჭაში 40-მდე კომპანიამ 800 ტონა „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი გადაამუშავა.
საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მევენახეებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარებაში ეხმარება, ამბროლაურშია მობილიზებული, სადაც 30-მდე კომპანიაა უკვე დარეგისტრირებული.
ისევე, როგორც კახეთში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც ფერმერთა მხარდასაჭერად რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც გადაამუშავებს „ხვანჭკარის" მიკროზონაში მოწეულ „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს. 1 კგ „ალექსანდროულსა" და„მუჯურეთულში" სახელმწიფო 4 ლარს გადაიხდის.
რაჭაში „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება მოხდება>>>
გარდა ამისა, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება, მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს „ალექსანდროულის“ ან/და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ სამი ტონა ყურძენი.
წელს „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ 1,5-1,7 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან.
ღვინის სააგენტოს ცნობით, ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა“ და „ალექსანდროულში“ შერევა.
ყველა ახალი ამბავი
0