კორონავირუსი საქართველოში: რატომ არ იყენებენ ქართველი ექიმები ქართულ პრეპარატ „სულაჟერს“?

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ექიმი
სასწრაფო დახმარების ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
საქართველოს მთავარი ინფექციონისტი ახალ პრეპარატ „სულაჟერს“ სკეპტიკურად უყურებს.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ქართველი ექიმის ალექსანდრე თავართქილაძის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილ ახალ პრეპარატ „სულაჟერს“ გამოეხმაურა.
ცერცვაძის თქმით, ამჟამად ამ პრეპარატის ეფექტურობის შესახებ ცნობები არ არსებობს – არაა არცერთი კლინიკური კვლევა, რომელიც მის ეფექტურობას დაადასტურებს.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ 2021 წლის დეკემბერში პრეპარატის შემქმნელებმა მას „სულაჟერის“ შეტანა სთხოვეს კორონავირუსის მკურნალობის ეროვნულ ოქმში. ცერცვაძემ მათ უარი უთხრა, რადგან მედიკამენტი არ იყო რეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ჰქონდა საკვები დანამატის სტატუსი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და ცერცვაძემ ქართველ ექიმს შესთავაზეს, ოფიციალურად დაერეგისტრირებინა პრეპარატი ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური კვლევებისთვის და მხოლოდ დადებითი შედეგების მიღების შემდეგ მოხდებოდა მისი რეგისტრაცია, როგორც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის. თუმცა თავართქილაძეს არ მიუმართავს უწყებისთვის ასეთი თხოვნით, აღნიშნა ცერცვაძემ.

„მაგრამ მათ ეს არ მოინდომეს და არ მიმართეს სამინისტროს კლინიკური კვლევის ჩატარების მიზნით – ძალიან დიდი ალბათობით იმიტომ, რომ არ ჰქონდათ იმედი, რომ შედეგი დადებითი იქნებოდა. მაშინ რომ კლინიკური კვლევა ჩატარებულიყო, დღეს უკვე ყველაფერი ნათელი იქნებოდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში თავართქილაძემ საქართველის მეცნიერებათა აკადემიის საბჭოს სხდომაზე წარადგინა მოხსენება კორონავირუსით ინფიცირებულ 30 პაციენტზე კვლევის ჩატარების შესახებ, რომლებიც ამ პრეპარატის მიღებით სრულად განიკურნენ.
ცერცვაძის თქმით, კვლევას ატარებენ არა რამდენიმე ათეულ, არამედ რამდენიმე ათას პაციენტზე.
ინფექციონისტი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ, თავართქილაძის თქმით, პრეპარატმა გადაარჩინა ის პაციენტებიც, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.
„ასეთი ფენომენი (რომ მართვით სუნთქვაზე მყოფი ყველა კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფი გადარჩეს) არ დაფიქსირებულა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და არცერთ კლინიკაში“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ქართველმა ექიმმა კორონავირუსის წამალი გამოიგონა – შედეგები საოცარია>>
ცერცვაძის თქმით, თავართქილაძეს ახლაც შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის უწყებას და ოფიციალურად დაარეგისტრიროს პრეპარატი კვლევების ჩასატარებლად.
მთავარმა ინფექციონისტმა განაცხადა, რომ მას არ ესმის, რატომ უწოდეს პრეპარატს „რევოლუციური“. მისი თქმით, ამან საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ წყდება ზარები. ადამიანებს აინტერესებთ, რატომ არ დაუნიშნეს მათ ეს პრეპარატი და რატომ არ უთქვამთ მათთვის მისი არსებობის შესახებ. მათ ასევე აინტერესებთ, შეიძლებოდა თუ არა „სულაჟერის“ მეშვეობით იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა.

„ჩვენ არ ვიცით, რა პასუხი გავცეთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მიმდინარე წლის იანვარში თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა სოციალურ ქსელში კოლეგა ალექსანდრე თავართქილაძის მიმართ სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა.
მან მადლობა გადაუხადა მას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოგონებისთვის, რომელმაც, მისი თქმით, პაციენტი გადაარჩინა.
ლურსმანაშვილის თქმით, პრეპარატი შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში, თუმცა აფთიაქებში ჯერჯერობით არ იყიდება.
პრეპარატის კლინიკური ცდები ჩატარდა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხაილოვის“ საავადმყოფოსა და საჩხერის კლინიკაში.
პრეპარატი ენიშნებოდათ 18 წელს ზემოთ პაციენტებს 90%-ზე ნაკლები სატურაციით, ასევე პრეპარატი ინიშნებოდა, თუ კორონავირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდ დღეზე მეტი არ იყო გასული.
უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ახალ ქართულ პრეპარატზე, მის შემადგენლობასა და დოზებზე შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.soulageur.com.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0