აფეთქება ყირიმის ხიდზე: სომხეთის საბაჟომ ტვირთში ვერანაირი რისკი ვერ გამოავლინა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსომხეთი-საქართველოს საზღვარი
სომხეთი-საქართველოს საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
სომხეთის ხელისუფლებამ დეტალურად აღწერა საეჭვო ტვირთის მარშრუტი.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთის მებაჟეებმა ყირიმის ხიდზე ტერაქტის საქმეში მონაწილე ტვირთში რისკის ფაქტორები ვერ იპოვეს, იუწყება სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი.
უფრო ადრე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომლებმა ყირიმის ხიდზე ტერაქტში ეჭვმიტანილები და მონაწილეები დაადგინეს. ასევე ცნობილია აფეთქების წინ სატვირთო ავტომობილის გადაადგილების მარშრუტი. მისი თქმით, ეს ქვეყნებია ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და კრასნოდარის მხარე.
როგორც „Sputnik-სომხეთი“ წერს, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 სექტემბერს ფოთის პორტში სატვირთო ავტომობილზე, რომელიც ბულგარულმა კომპანია BALTEX CAPITAL S.A.-მ გაგზავნა, სომხეთის შპს „გუ-არ-ჯი გრუპის“ სახელზე გამოიწერა სატრანსპორტო ზედნადები, ხოლო 27 სექტემბერს სატვირთო სომხეთის ტერიტორიაზე შევიდა. მისი მძღოლი იყო სომხეთისა და საქართველოს მოქალაქე, არტურ ტერჩანიანი.

„ბაგრატაშენის საბაჟო პუნქტზე (საქართველო-სომხეთის საზღვარი) 27 სექტემბერს 15:00 საათზე სატვირთო აწონეს, შემდეგ რენტგენზე გაატარეს, შედეგად რაიმე რისკის ფაქტორი არ გამოვლენილა“, – ნათქვამია კომიტეტის ვებ-გვერდზე.

აღნიშნულია, რომ ამის შემდეგ ტვირთზე ზედნადების შესაბამისად შპს „გუ-არ-ჯი გრუპის“ სატრანზიტო დეკლარაცია შეივსო. ფორმალობები შეასრულა არარატის საბაჟომ, კომპანია „ალიანს ტერმინალის“ დროებითი შენახვის საწყობმა. აღნიშნულია, რომ 28 სექტემბერს იქვე შეივსო სატრანზიტო დეკლარაცია, შემდეგ განხორციელდა საბაჟო ღირებულების კორექტირება, ხოლო 29 სექტემბერს, დეკლარანტის მიერ საბაჟო ორგანოებში დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ტვირთი დროებით შესანახ საწყობში შემოწმდა.
„კერძოდ, პროდუქციის გადმოტვირთვის გარეშე შემოწმდა პოლიეთილენის ერთ-ერთი რულონის ფენები. საბაჟო კავშირის არასწორ კლასიფიკაციასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ ყოფილა და 16:40 საათზე საბაჟო ორგანომ საქონელი გაათავისუფლა. იმ მომენტიდან აღნიშნულ საქონელს მიენიჭა Eurasian Economic Union-ის საქონლის სტატუსი და გადაეცა დეკლარანტის მართვაში, თუმცა ავტომობილი შპს „ალიანს ტერმინალის“ საწყობიდან არ გასულა“, – ნათქვამია ანგარიშში.
განმარტებულია, რომ იმავე დეკლარანტმა საწყობის ტერიტორიაზე 30 სექტემბერს, დილით შეავსო და დაარეგისტრირა სატრანზიტო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც იგივე საქონელი დარეგისტრირდა კომპანია „გუ-არ-ჯი გრუპის“ მიერ სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში გადასაზიდად (მიმღებია რუსული შპს „ლიდერი“). სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში აცხადებენ, რომ ეს არის ევრაზიული კავშირის კანონმდებლობით დადგენილი ყოველდღიური პრაქტიკა.
აფეთქება ყირიმის ხიდზე: საქართველოში საქმეში მონაწილეობას უარყოფენ >>
აღნიშნულია, რომ საქონელი რუსეთში იმავე ქართული მანქანით იყო შეტანილი, მძღოლი იყო იგივე პირი, გაფორმდა „ყვითელი დერეფანი“, მითითებულ პოლიეთილენის სამშენებლო ფირზე სატრანზიტო დეკლარაციას თან ერთვოდა ორგანიზაცია „არმექსპერტიზის“ საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს არ არის ორმაგი დანიშნულების პროდუქტი.
დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროებითი შენახვის საწყობში საქონლის საბაჟო კონტროლზე ყოფნის პერიოდში სატვირთო მანქანა იმყოფებოდა სათვალთვალო კამერების ხედვის არეში, არ გადმოტვირთულა და არ დატვირთულა სხვა საქონლით სომხეთში შეტანისა და რუსეთში გადაზიდვის საბაჟო პროცედურების დასრულებამდე. კომიტეტში ასევე განმარტავენ, რომ რენტგენოგრაფია ჩატარდა იმ დროსაც, როდესაც სატვირთო მანქანა საქართველოს ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს შევიდა, რის შედეგადაც, კომიტეტის თქმით, მიღებული იქნა იგივე გამოსახულება, რაც სომხეთში შესვლისას.
„ამგვარად, ზემოაღნიშნული ტვირთის შეტანის, საბაჟო კონტროლის, რენტგენოგრაფიის, განბაჟების, დოკუმენტების გაფორმების, გატანის პროცესები სათანადოდ განხორციელდა, კანონის შესაბამისად, ტვირთის რენტგენოგრაფიას სომხეთში შესვლა-გასვლისას რისკის ფაქტორები არ გამოუვლენია“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული სპეცსამსახურების მონაცემები

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოა.
რუსულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის ხუთი მოქალაქე, ასევე სამი უცხოელი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
აფეთქება ყირიმის ხიდზე: დაკავებულია რვა ადამიანი - „ეფ-ეს-ბე“ დეტალებს ასაჯაროვებს >>
ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, შაბათს, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე ააფეთქეს სატვირთო მანქანა, რამაც სარკინიგზო შემადგენლობის შვიდი ცისტერნის აალებაც გამოიწვია. ნაწილობრივ ჩაინგრა საავტომობილო ხიდის ორი მონაკვეთი.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ტერაქტის დამკვეთი და შემსრულებელი უკრაინის სპეცსამსახურებია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ტვირთის ბულგარეთიდან ფოთის პორტში და შემდეგ სომხეთში გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები: მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო; საქართველოს მოქალაქე სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად „ლევანი“ და ასევე სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.
„ეფ-ეს-ბეს“ მონაცემებით, ტვირთს მთელ მარშრუტზე აკონტროლებდა უკრაინის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც სქემის მონაწილეები „ივან ივანიჩის“ სახელით იცნობდნენ. მოქმედებათა კოორდინაციისთვის ის კრემენჩუგში მცხოვრები სერგეი ანდრეიჩენკოს სახელზე დარეგისტრირებულ ვირტუალურ ანონიმურ ნომერსა და ტელეფონს იყენებდა.
ყველა ახალი ამბავი
0