26 წლის ქალის სასტიკი მკვლელობა კახეთში: ქმარს ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
ბრალდებულმა ცოლს ცივი იარაღით ყელის და მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თელავში მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თელავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლებით.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურამ ბრალდებულის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩადენილი დანაშაულის თაობაზეც გაავრცელა ინფორმაცია.
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
ძალადობა ქალების მიმართ - საქართველოში შესაძლოა კანონმდებლობა გაამკაცრონ
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. გარდა ამისა, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს.
ამ დანაშაულისთვის ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ეპიზოდებზე წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
თუმცა 6 ოქტომბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარზე, არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 2.000 ლარი შეუფარდა.
პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.
ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია, აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძალადობა ქალების მიმართ: „საქსტატი“ კვლევას ატარებს>>
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია.
პროკურატურის ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0