რატომ არ შენდება საქართველოში გაზსაცავი - ეკონომიკის მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Dmitriy Lel'chuk / გადასვლა მედიაბანკშიგაზგამანაწილებელი ცენტრი
გაზგამანაწილებელი ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
საქართველოში გაზის მოწოდება დივერსიფიცირებულია, მაგრამ ავარიების, დივერსიების თუ გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში ქვეყანა მაინც მაქსიმალურად დააზღვევს რისკებს, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის პროექტის განხორციელება შეჩერებულია უსახსრობისა და გარემოზე მისი ზემოქმედების შესახებ დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობის გამო, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.
საქართველო ამ დროისათვის სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი გაზსაცავი არ გააჩნია. საქართველოს გაზმომარაგება ხორციელდება მხოლოდ იმპორტის ხარჯზე. ქვეყნისთვის გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია.

„გაზსაცავი არის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოსიძლიერისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, 130 მილიონი იყო გამოყოფილი ამისთვის. თუმცა, პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მოუწია ძირითადი თანხების სხვა მიმართულებით მიმართვა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ფინანსების გარდა, დაისვა სეისმომედეგობასთან და გეოლოგიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხებიც.
„ამიტომ ეს პროცესი დეტალურ კვლევებს საჭიროებს, რაც მიმდინარეობს და ჩვენ ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, უკვე მიდის საუბარი პროექტის აღდგენაზე. რესურსები ჩნდება, ამიტომ ეს პროცესი გრძელდება. ახლა იმის განხილვისა და შესწავლის ეტაპზეა, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს სხვა, უფრო ადეკვატური მცირე მასშტაბის პროექტი ახალი დიზაინით.
გაზსაცავი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მოხმარების ზრდის ფონზეც. ქვეყანა წლის განმავლობაში საშუალოდ 2,3-2,5 მლრდ კუბურ მეტრს მოიხმარს.

„საქართველო უფრო მეტ გაზს მოიხმარს, ვიდრე წინა წელს და ყოველ წელს ეკონომიკის ზრდის პარალელურად ეს მოთხოვნა გაიზრდება. საიდანღაც უნდა შევავსოთ, ალტერნატივები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, გაზის მოწოდება დივერსიფიცირებულია, მაგრამ ავარიების, დივერსიების თუ სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში ქვეყანა მაინც მაქსიმალურად დააზღვევს რისკებს.
საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი (90%) აზერბაიჯანია. რუსეთიდან იმპორტი შეადგენს დაახლოებით 7%-ს, რაც გაზსადენის წნევის რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკურ საშუალებას წარმოადგენს.
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა გარდაბანში მიმდინარე წელს იგეგმებოდა, მაგრამ სამუშაოები არ დაწყებულა.
საქართველოში 300 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე საუბარი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. პროექტმა ახალი სიცოცხლე მას შემდეგ შეიძინა, რაც მთავრობამ საცავის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობა 2022 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პროექტის განხორციელების სირთულის გამო ვადებმა 2024 წლამდე გადაიწია.
ყველა ახალი ამბავი
0