„ეს დაუშვებელია" - დეპუტატმა აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
დიპლომატებს არ შეუძლიათ უკარნახონ საქართველოს ხელისუფლებას, რომელი კანონი უნდა მიიღოს, აღნიშნა სუბარმა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა არ უნდა გადაწყვიტოს, რომელ კანონს და რა ფორმით მიიღებს საქართველო, ეს დაუშვებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ზაფხულში დატოვა.
ამერიკელმა დიპლომატმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ მეტი დრო უნდა დაუთმოს არამართლზომიერი გავლენის პრობლემას. ამის პასუხად მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" დიპლომატს მოუწოდეს, თავის გამონათქვამებში უფრო ზუსტი იყოს, განსაკუთრებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხში.

„არ უნდა წყვეტდეს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ელჩი, რა კანონს და როგორ კანონს მიიღებს საქართველო. როდესაც ლაპარაკია დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ ვარიანტზე, რომელიც არის მსოფლიოში ერთადერთი კანონი, რომელმაც ძალიან მაღალი მოწონება დაიმსახურა ევროკავშირისგან, ევროკავშირის ექსპერტებისგან, ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან... კეთილი უნდა ინებოს ქალბატონმა კელი დეგნანმა და განუმარტოს ქართულ საზოგადოებას, რა არ მოსწონს", – განაცხადა სუბარმა.

ეს უხეში ჩარევაა ქვეყნის სუვერენიტეტში, რომელიც დაუშვებელია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, აღნიშნა მან.
ოპოზიციის რეაქცია
„ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ დეგნანი ამერიკელი ტურისტია, რომელიც საქართველოში ზურგჩანთითა და ბოტასებით ჩამოვიდა, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებიდან" ალექსანდრე ელისაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსში".
ღარიბაშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მივიღებთ>>
მისი თქმით, დეგნანი ელჩია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ დანიშნა და რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს.

„ქართულ ოცნებაში" რა ბუზი დააჯდათ ამისთანა, რომ ვერ ხვდებიან ვისთან აქვთ საქმე?! აშშ-თან ენის შეჩვევა, როგორც „ქართული ოცნება" აკეთებს, ძალიან დამაზიანებელი და საშიშია. როდესაც პატარა ბეღურასავით ხარ, არ უნდა გაექანო და არწივების ბუდესთან არ უნდა მიხვიდე და არ უნდა აგინო, იმიტომ რომ ბუნდღა არ დარჩება შენი", – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით „ქართული ოცნება" მარტივად „გამოძვრება", რადგანაც მოხერხებულად მიიღებს უკრაინულ ხარვეზიან კანონს.
„დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკი სისულელედ მიმაჩნია, ამას თავიდანვე ვამბობდით... 12 პუნქტიდან ყველაზე არასერიოზული დეოლიგარქიზაციაა, იმიტომ რომ არარეალურია ამის განხორციელება", – აღნიშნა ელისაშვილმა.
ამ დროისათვის საქართველოში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა" და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება „ოლიგარქის" განმარტებაა.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ ტერმინი „ოლიგარქის" განმარტება უკრაინული მოდელის მიხედვით განსაზღვრეს.
მამუკა მდინარაძემ კელი დეგნანს უპასუხა>>
უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.
ამასთან, ოპოზიციის შეთავაზებაა, ოლიგარქის განმარტების ჩამონათვალს დაემატოს ფორმულირება „ხელისუფლებაზე გავლენის მქონე", სადაც ოპოზიცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ქვეყნის მართვაში მის ჩართულობას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0