ღარიბაშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მივიღებთ

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
ხელისუფლება და ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვერ თანხმდებიან.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება უკრაინული მოდელის საფუძველზე მოხდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ამ დროისათვის საქართველოში აღნიშნულ კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება „ოლიგარქის“ განმარტებაა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვიცით. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტება უკრაინული მოდელის მიხედვით განსაზღვრეს.
უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.
„ნაცმოძრაობა“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ქართული ვერსიის შემუშავებას ითხოვს>>>
ამასთან, ოპოზიციის შეთავაზებაა, ოლიგარქის განმარტების ჩამონათვალს დაემატოს ფორმულირება „ხელისუფლებაზე გავლენის მქონე“, სადაც ოპოზიცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგ საკითხებთან მიმართებით ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ქვეყნის მართვაში მის ჩართულობას.
უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული მოდელის მიღების შემთხვევაში ის შეეხება არა ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. მანამდე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი თქვა ევროკავშირის პირობებზე ხელისუფლების გეგმით მუშაობაზე და ალტერნატიული პროცესი წამოიწყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0