„ქართული ოცნება" აშშ-ს უფრო მკაფიო განცხადებების გაკეთებას სთხოვს

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
მამუკა მდინარაძემ პარტნიორი ქვეყნის ნებისმიერ წარმომადგენელს სთხოვა, ნაცვლად მრავალი ზოგადი განცხადებისა, გააკეთონ ერთი მკაფიო განცხადება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საინფორმაციო ველის ყველაზე დიდი პრობლემა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ არის ნებისმიერი განცხადების დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
უფრო ადრე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩზე კელი დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილია.

„საინფორმაციო ველზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდი პრობლემა არის დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა ნებისმიერი განცხადების, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს. ჩვენი დამოკიდებულების, პარტნიორობის, მეგობრობის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ თუ უფრო მკაფიო არ იქნება და ხანდახან დეტალებზეც არ იქნება საუბარი, მაშინ ზოგადი განცხადებები ყოველთვის დააბნევს საზოგადოებას", – განაცხადა მდინარაძემ.

აქედან გამომდინარე, მდინარაძემ პარტნიორი ქვეყნის ნებისმიერ წარმომადგენელს სთხოვა, ზოგადი განცხადებების ნაცვლად ერთი საერთო და მკაფიო განცხადება გააკეთონ.
საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მიმართ მკვეთრი განცხადებებით ახალი მოძრაობა „ხალხის ძალა“ გამოირჩევა. უფრო ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს ამ მოძრაობის პოზიციას, რადგან ქვეყანას პარტნიორები სჭირდება.
ბონი ჯენკინსი საქართველოს 5 ოქტომბერს ეწვია. ის თბილისში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციას ესწრება.
როგორც ჯენკინსმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან, რათა განიხილოს თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფეროები და ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საზღვრების უსაფრთხოება, საბაჟოები, თავდაცვა.

„შეხვედრების განმავლობაში მოუთმენლად ველოდები, რომ გავაჟღერო ვაშინგტონის გზავნილი ძლიერი მხარდაჭერისა იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოში, რათა მხარი დაუჭიროს და წინ წასწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები", – განაცხადა ჯენკინსმა.

მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის „უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე".
„მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ: ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ, დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა", – აღნიშნა მან.
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
„ეს დაუშვებელია" - დეპუტატმა აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა>>
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0