გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფები: ნარმანიას განმარტება

© Pixabay / stevepbგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
სემეკის თავმჯდომარემ მოსახლეობას მოუწოდა, ზამთრის დადგომამდე ბუნებრივი აირის ხელსაწყოების უსაფრთხოება შეამოწმონ.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება.

„ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფები რაც გვქონდა დადგენილი, გავაგრძელეთ ბაზრის გახსნამდე. რაიმე სახის ტარიფების ზრდა ელექტროენერგიის სექტორში მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორში გვიწევს დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაიმე სახის ზრდას ბუნებრივი აირის ტარიფზეც არ ველოდებით", – განმარტა სემეკის თავმჯდომარემ.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ევროპასა და ჩვენს რეგიონში ბუნებრივ აირზე, თუმცა ეს საქართველოზე არ აისახება, რადგან ქვეყანას აზერბაიჯანთან აქვს გრძელვადიანი შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე და მიწოდების ფასები იქნება უცვლელი.
რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს, სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წელს თითქმის 10%-ით გაიზარდა გამომუშავება და ქვეყანამ შეძლო მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი საკუთარი ელექტროენერგიით, ვიდრე იყო წინა წლებში.
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ისევ გადაიდო>>
„მეტიც, უხვმა ნალექებმა საშუალება მისცა ქვეყანას, ჭარბი ენერგიის პირობებში მიმდინარე წლის ზაფხულში მეზობელ თურქეთსა და სომხეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განეხორციელებინა, საიდანაც ძირითადად „ენგურჰესმა" დამატებითი შემოსავლები მიიღო", – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.
დავით ნარმანია: საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული არაა>>
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0