საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6,4%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerმეიდანი
მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 4,2% შეადგინა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2022 წლის მეორე კვარტალში 252,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის აპრილი-ივნისის მაჩვენებელზე 49%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-სთან შეფარდებით 4,2% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28,1%-ით გაიზარდა და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად საქონლის ექსპორტი წლიურად 31,4%-ით, ხოლო იმპორტი 30,1%-ით გაიზარდა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>>
2021 წლის მეორე ნახევარში ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი. ეს დადებითი ტენდენცია შემდგომ კვარტლებშიც გაგრძელდა და მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 748,8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 85,3%-ს შეადგენს.
წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია – 357,1 მლნ დოლარი. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 35,3%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 18,4%-ით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 34,4%-ით გაიზარდა და მეორე კვარტალში 763,8 მლნ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 34,2%-ით გაიზარდა 707,3 მლნ დოლარამდე. ამავდროულად სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7,4 მლნ დოლარამდე შემცირდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 284,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 4,7%-ია.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0