ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა ბიზნესს მაქსიმალურად გვერდში უდგას

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯების წყალობით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ახალი ინიციატივები და პროექტები მიმოიხილა და ბიზნესმენებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, მაქსიმალურად ვეხმარებით, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობას ბიზნესთან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა და ახლაც აქვს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შედეგების შემდეგ.
„შემთხვევითი არ არის, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ აქტიური მუშაობა და გავხსენით ქვეყანა პანდემიის შემდგომ, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა და შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა, ხოლო 2022 წლის რვა თვეში ეკონომიკა 10,3%-ით გაიზარდა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესის ბრუნვა თითქმის 30%-ით გაიზარდა და დაახლოებით 150 მლრდ ლარს გაუტოლდა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ორ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდით გაიზარდა. 2020 წელს მშპ იყო დაახლოებით 50 მლრდ ლარი, ხოლო 2023 წლის იანვრისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი ლარი, განაცხადა ღარიბაშვილმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0