ინფლაციის დონე საქართველოში ზრდას დაუბრუნდა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841ხილ–ბოსტნეული
ხილ–ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
ინფლაციური ზეწოლა კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის სექტემბერში, გასული წლის სექტემბერთან შედარებით) 11,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წლიურმა ინფლაციამ მაისში შეადგინა 13,3%, ივნისში – 12,8%, ივლისში – 11,5%, ხოლო აგვისტოში – 10,9%.
წელიწადზე გადაანგარიშებით ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (14,1%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (15,7%), ჯანდაცვაზე შემცირდა 1,1%-ით. სურსათზე ფასები წლიური 15,8%-ით გაიზარდა.
2022 წლის სექტემბერში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, შედარებითი ინფლაციის დონემ 0,8% შეადგინა. აგვისტოში თვის ინფლაციამ 0,1% შეადგინა.
როდის დაიწყებს შემცირებას ინფლაცია – ეროვნული ბანკის პროგნოზი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციური ზეწოლა საკმაოდ მაღალია საქართველოშიც და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

„რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ანალიტიკოსების აზრით, ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი.
თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 9,0 პროცენტით, ხოლო აგვისტოში 1,9 პროცენტით შემცირდა.
ფინანსთა მინისტრი ფასების დინამიკაზე საქართველოში>>
„მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
ამასთან რეგულატორი მიუთითებს, რომ შემდგომი ტენდენციები არსებითად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მკაცრი დარჩება იქამდე, სანამ ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები საკმარისად არ შემცირდება.
თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0