„საცობები“ გზებზე და ჭყლეტა ტრანსპორტში: კალაძემ მიზეზები დაასახელა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისი გზებზე „საცობების“ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ქალაქის მერია სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს აკეთებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, სამართლიანი კრიტიკა და რჩევები მისაღებია, რადგანაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას აუცილებელია მოქალაქეების მხარდაჭერა.

„ცხადია, გვაქვს პრობლემები და გამოწვევები. ამას არავინ გაურბის. პირიქით, ვცდილობთ ყველაფერი ქალაქის სასიკეთოდ მოვაგვაროთ…დღეს დედაქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც ერთი კონკრეტული მიზეზით არაა გამოწვეული. რა თქმა უნდა, ყოველწლიურად იზრდება ავტომობილების რიცხვი, თუმცა ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ კომფორტული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით ხორციელდება დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
„დიახ, სამწუხაროდ, არის დისკომფორტი. ორი მნიშვნელოვანი კვანძი – ქეთევან წამებულისა და მელიქიშვილის გამზირები გადათხრილია. თუმცა, ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი წესრიგში მოვიყვანოთ და ქალაქში გადაადგილება კომფორტული იყოს“, – აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, როდესაც ქალაქში „საცობები“ იქმნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეების სრულფასოვნად მომსახურებას ვერ ახერხებს.
„მაგალითად, გუშინ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1.650 ბრუნის გაკეთება. ეს ნიშნავს, რომ 1.650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას. ეს დაახლოებით 100 ათასი მგზავრია. დამეთანხმებით, რიცხვი ძალიან დიდია“, – აღნიშნა კალაძემ.
როდესაც სამუშაოები დასრულდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, ხელმისაწვდომი და კომფორტული, თქვა მან.
თბილისის მერიაში „საცობებთან" ბრძოლის ხერხს მიაგნეს>>>
ამასთან, თბილისის მერმა დედაქალაქში ავტომობილების გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა. მაგალითად, თუ გასული წლის დეკემბერში ქალაქში 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა, დღეს კერძო ავტომობილების რაოდენობა 590 ათასამდე გაიზარდა.
„ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. შესაბამისად, ამ ყველაფერს მოწესრიგება სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მრავალი წლის მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
„დავიწყეთ ამის მოგვარება, წამოვიწყეთ რეფორმა. გამოწვევები დღესაც გვაქვს, თუმცა, ვართ თანმიმდევრული და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს“, – განაცხადა მერმა.
კალაძის განცხადებით, წლების წინ ქალაქს გაუმართავი ავტობუსები ემსახურებოდა, რომელიც რეფორმის შედეგად ახალი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლების შემდეგ მნიშვნელოვანია მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალიტეტი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
„შემდეგი ნაბიჯი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის და კომფორტის გაზრდა“, – აღნიშნა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეში საშუალოდ 1,3 მლნ მგზავრს ემსახურება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0