ავარიული სახლების ჩანაცვლება თბილისში - კალაძემ მშენებლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stringerმიშენებები ე.წ. ხრუშჩოვკაზე
მიშენებები ე.წ. ხრუშჩოვკაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
წლის დასაწყისში კალაძემ ძველი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დააანონსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყო.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს სთხოვა, მეტი ინტერესი გამოიჩინონ დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ.
როგორც კალაძემ განაცხადა, პირველი საპილოტო პროექტი უკვე შედგა: ტენდერი უკვე ჩატარდა და მასში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ერთი თვის განმავლობაში მოხდება ავარიული სახლის დემონტაჟი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
კალაძის თქმით, მერია დამატებით კიდევ 25 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტს განიხილავს.

„მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს მეტი აქტიურობისკენ. როგორც იცით, მუნიციპალიტეტი ამ სამუშაოებს ერთჯერადად არ ახორციელებს, ეს არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. მინდა მოვუწოდო ყველას უფრო მეტი ინტერესისა და ჩართულობისკენ", – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მან ვიცე-მერს დაავალა, შეხვდეს მსურველებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ, ვისაც დამატებითი კითხვები აქვს აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით.
„გვესმის, რომ ეს ახალი პროდუქტია, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სამშენებლო სექტორთან, უშუალოდ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვატარებთ შეხვედრებს, რათა მათ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და ინტერესი მაღალი იყოს", – აღნიშნა კალაძემ.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა - პირველი კორპუსის დემონტაჟი ოქტომბერში დაიწყება>>
კალაძემ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე 2022 წლის დასაწყისში განაცხადა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო, მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია. ოფიციალური მონაცემები მოქალაქეების მხრიდან მიმართვის საფუძველზე შენობების შემოწმებას ეყრდნობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0