კობახიძე: „ნაცმოძრაობის" დასუსტებით გაძლიერდება საქართველოს პოლიტიკური სისტემა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებული დაპირისპირება და პოლარიზაცია ქვეყანაში არსებული გარემოს დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს, მიაჩნია მმართველი პარტიის თავმჯდომარეს.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რაც უფრო მეტად დასუსტდება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო ჯანსაღი გახდება პოლიტიკური სისტემა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციურ პარტიაში არსებული პრობლემები განსჯის თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და აღნიშნა, რომ მისი ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის. დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „ოლიგარქის მსგავსი პერსონაჟებიც“, თქვა მან.

„პოლარიზაციამ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოიტანა პოლიტიკურ სისტემაში, გადაინაცვლა პარტიაში, რაც, ბუნებრივია, ძალიან კარგია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა დინებები, ბევრი ინტერესი და არის ოლიგარქების ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ერთ-ერთი ოლიგარქის დავით კეზერაშვილის ინტერესები, ასევე არის მეორე ოლიგარქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესები, რაც ცალკე იკვეთება.
„არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებას – რაც უფრო სუსტია „ნაცმოძრაობა“, მით უფრო ძლიერია პოლიტიკური სისტემა საქართველოში და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება - დეპუტატი>>>
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია. ფორმალურად მას არანაირი კავშირი აღარ აქვს პარტიასთან, რადგან დიდი ხანია საქართველოს მოქალაქე არ არის. ერთი წლის წინ ექს-პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება.
რაც შეეხება კეზერაშვილს, ის სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს, ამჟამად შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ იგი თავის დროზე მოპარული ფულის ხარჯზე აფინანსებს ქართველ ოპოზიციონერებს.

„ამ ეტაპზე კეზერაშვილი არის „რადიკალური ოპოზიციის“ მთავარი დონორი, რომელმაც გადაწყვიტა ნიკა მელიას გვერდის ავლით „ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რაც პარტიის შიგნით დაპირისპირების მიზეზი გახდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა დეოლიგარქიზაციაა და პოლიტიკური პროცესებიდან ოლიგარქების ჩამოცილება არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ.
„ამ კუთხით ევროკავშირის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კობახიძემ.
დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს მცირედი შესწორებებით დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის დანერგვას.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გასულ კვირაში განაცხადა.
კობახიძის ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ გააკრიტიკეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0