საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე დატვირთვა გაიზარდა: რა ხდება ლარსზე

© photo: Sputnik / Stringerზემო ლარსი
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
საქართველოს საზღვრებზე ფიზიკური პირებისა და ტვირთების გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით „მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს“, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. გაიზარდა ფიზიკური პირებისა და სატვირთო მანქანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს საზღვარს ორივე მიმართულებით კვეთენ, თუმცა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და ამის დრამატიზება არ ღირს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე.
მანამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ სატრანსპორტო ტვირთბრუნვის ზრდის გამო საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ.

„ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულებით, ისე ფიზიკურ პირთა რაოდენობის კუთხით. ამ მხრივ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, „აღნიშნული საკითხების მონიტორინგი მკაცრად ტარდება“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა ვითარებაა გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი" – „ზემო ლარსი", უშვებენ თუ არა ყველა ჩამოსულ რუსს საქართველოში, მინისტრმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე.
„ბუნებრივია, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც დადგენილია – გამშვებ პუნქტებზე ხდება შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება, ხორციელდება შესაბამისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირის მიმართ“, – განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა>>>
ამასთან, მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ბოლო პერიოდში კონკრეტულად რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
მისი თქმით, თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აქტიურად მუშაობს. გაზრდილ ნაკადებთან დაკავშირებით უწყებები მუშაობენ უფრო მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა, დასძინა მინისტრმა.
აგვისტოში „ზემო ლარსის“ გავლით საქართველოში 189.641 ადამიანი შემოვიდა, რაც 451,8%-ით მეტია 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 208,9%-ით გაიზარდა და 3,2 მილიონი შეადგინა. აქედან, 617,2 ათასი რუსეთის მოქალაქე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0