უცხოეთში ასრულებული ბავშვობის ოცნება და ათიანში გარტყმული მიზანი

© courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
მაია სააკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
ეს ამბავია იმაზე, თუ როგორ სრულდება ყველაზე დაუჯერებელი ოცნება, თუ მართლა მოინდომებ. ასეთი მონდომების და შრომისმოყვარეობის წყალობით გახდა ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი.
მაია სააკაძემ უცხოეთში ცხოვრება თავიდან დაიწყო. მშვილდოსნობა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საბერძნეთში ჩავიდოდა, სპორტის ამ სახეობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდებოდა და სხვადასხვა კატეგორიებში 12 მედალს მოიპოვებდა. დღეს მსაჯის სერტიფიკატიც აქვს და მნიშვნელოვან შეჯიბრებებში უკვე როგორც მსაჯი მონაწილეობს.
© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
მაია სააკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
მაია სააკაძე
- ქალბატონო მაია, საუბარი ბავშვობის გახსენებით დავიწყოთ...
- ბავშვობა საუკეთესო მქონდა და ბედნიერი ვიყავი. ჩემს სოფელში, ბოლნისის რაიონის სოფელ ხატისოფელში მაშინ რვაწლიანი სკოლა იყო, ამიტომ საშუალო სკოლა დედაჩემის სოფელ რაჭისუბანში დავამთავრე. რადგან ტექნიკური საგნები უფრო მიყვარდა, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სკოლაში ქიმიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. პარალელურად ხელგარჯილობას, მაკრამეს და ქსოვას ვასწავლიდი.
© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე შეჯიბრების დროს
მაია სააკაძე შეჯიბრების დროს - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
მაია სააკაძე შეჯიბრების დროს
- რატომ გადაწყვიტეთ უცხო ქვეყანაში გამგზავრება?
- საბერძნეთში წამოვედი იმ იმედით, რომ სამ წელიწადში ისევ უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ ცხოვრებამ სხვა რეალობის წინაშე დამაყენა. იმ დროს საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. მიმოქცევაში შემოვიდა კუპონები, რომელსაც ფასი საერთოდ არ ჰქონდა. ხელფასს ხან გვაძლევდნენ, ხან არა. წამოსვლის წინ ექვსი თვის ნამუშევარი თანხა არც ამიღია. იმ პერიოდში ჩემი ბიჭი მცირეწლოვანი იყო, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვანაირად მას გზაზე ვერ დავაყენებდი.
© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
მაია სააკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
მაია სააკაძე
- უცხო ქვეყანაში როგორ ახდა თქვენი ოცნება?
- ყველაფერი უცებ არ მოხდა. როცა ფეხზე დავდექი, ჯერ ბერძნული ენა ვისწავლე, ეკონომიკური მდგომარეობა გავიუმჯობესე, სანაცნობო წრე ჩამომიყალიბდა. მერე მიღწეულით აღარ ვიყავი კმაყოფილი. თანდათან ოცნებების ახდენისა და საკუთარი თავის რეალიზაციის სურვილიც გამიჩნდა. მშვილდოსნობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომლის ასრულება საქართველოში სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე.
© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
მაია სააკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
მაია სააკაძე
- ვიცი, რომ სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში გვიან დაიწყეთ...
- დიახ, ვარჯიში 33 წლის ასაკში დავიწყე. საერთოდ, სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში ათი წლიდან მოყოლებული ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ბევრი ვივარჯიშე, სანამ ისარს მიზანში მოვახვედრებდი. ამისათვის მთავარია მოთმინება და მონდომება. ჩემ დიდ მიზანთან პატარ-პატარა ნაბიჯებით და შეუჩერებლად მივიწევდი. ერთ-ერთ ბერძნულ კლუბში ინტენსიური ვარჯიში დავიწყე.
© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
მაია სააკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
მაია სააკაძე
- რა გზა გაიარეთ ჩემპიონობამდე?
- 2006 წელს საბერძნეთის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი ავიღეთ. იმ დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი. 2009 წელს ბულგარეთში ავიღე მეორე ადგილი როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრში, 70 მეტრზე სროლაში. 2012 წელს კი 70 მ სროლაში პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით ისევ პირველი ადგილი დავიკავე, ამჯერად 18 მეტრზე სროლაში. დღეს შეჯიბრებებზე საბერძნეთის სახელით გამოვდივარ. მსაჯის სერტიფიკატიც მაქვს აღებული და შეჯიბრებებში უკვე როგორც მსაჯი ვიღებ მონაწილეობას.
© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
მაია სააკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
მაია სააკაძე
- ხელსაქმეც გეხერხებათ და თქვენი საქმიანობა ამ მხრივაც წარმატებულია?
- ქსოვა ადრეულ ასაკში ბებიაჩემმა მასწავლა. სამკაულები ძალიან მიყვარდა. მათ დასამზადებლად, ოქროს გარდა, ყველა სახის მასალას ვიყენებ, აბრეშუმის პარკებისა და ხელსაწმენდი ქაღალდებისგანაც კი ვამზადებ. ძალიან მომწონს სხვადასხვა მასალის შერწყმა. ძირითადად ვიყენებ მელქიორს, თითბერს, სპილენძსა და ვერცხლს. აქ გალერია გავხსენი და ამით ჩემი დიდი ოცნება ავისრულე, თუმცა სამ თვეში პანდემია დაიწყო და წესიერად ვერც ვიმუშავეთ. მერე ინტერნეტ-მაღაზია გავხსენი. დღეს, როცა ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ ათიანში გავარტყი, მაგრამ კიდევ ბევრი ოცნება და მიზანი მაქვს. ყოველი მიღწეული მიზანი ახლის დასაწყისია, ამიტომ ეს არ არის დასასრული, წინ ახალი ოცნებებია...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0