„გამო, იდარებს“ - სკოლა, რომელსაც სულიერება არ დაუკარგავს

© courtesy of Irma Navrozashviliმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
იყო დრო, როცა ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ შემდეგ არჩევანი პედაგოგის პროფესიაზე გააკეთა. ინსტიტუტში სწავლის დროს პედაგოგიურ პრაქტიკაზე ჩატარებულმა გაკვეთილებმა ძალიან დააინტერესა და საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ სწორი მიმართულებით მიდიოდა.
ინსტიტუტის მერე 22 წლის გოგო განაწილებით დუშეთის რაიონის სოფელ ხანდოსხევის სკოლაში მოხვდა. დღეს ირმა ნავროზაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ის, რომ ლექსებს სტუდენტობიდან წერს, მის გაკვეთილებზეც აისახა, რადგან ისინი არცთუ იშვიათად პოეზიით მთავრდება ხოლმე.
© photo: courtesy of Irma Navrozashviliირმა ნავროზაშვილი
ირმა ნავროზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
ირმა ნავროზაშვილი
- ქალბატონო ირმა, შეგიძლიათ გვითხრათ, პირველი გაკვეთილიდან დღემდე პროფესიაში რა აღმოჩენები გაქვთ გაკეთებული?
- პირველი გაკვეთილის მერე ბევრი წელი გავიდა და ჩემი „აღმოჩენები" თანდათან დაიხვეწა, დაღვინდა და იქცა უდიდეს, საოცრად სასიამოვნო საქმიანობად, რომლის გარეშე არსებობა უკვე აღარ წარმომიდგენია. თითქოს შემაშინა ვაჟას ბუმბერაზმა მთებმა, რომლებიც ამავდროულად ჩემი შთაგონებისა და მუზის სამყაროდ იქცნენ. სწორედ აქ, ამ ულამაზეს ბუნებაში გადავდგი პირველი ნაბიჯები მასწავლებლობის ურთულეს გზაზე. პირველი გაკვეთილიდან დამამახსოვრდა ბავშვების სახეები, მოციმციმე თვალები, რომლებიც წლების მერეც თვალწინ მიდგას.
© photo: courtesy of Irma Navrozashviliგაკვეთილზე
გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გაკვეთილზე
- გარდა ძირითადი საგნისა, მასწავლებელი რას უნდა ასწავლიდეს 21-ე საუკუნის მოსწავლეებს?
- მოსწავლემ გაკვეთილზე გარდა ცოდნისა, რაც მნიშვნელოვანია, სულიერება უნდა ისწავლოს, ცხოვრებისთვის მოემზადოს და პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ამიტომ გაკვეთილები მხოლოდ მასალის სწავლებისკენ არ უნდა იყოს მიმართული. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად იცვლება, ის ადამიანივით გაივლის განვითარების სხვადასხვა საფეხურს და ვითარდება.
© photo: courtesy of Irma Navrozashviliმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
მოსწავლეებთან ერთად
- თქვენი მუზა თუ შეიცვალა ამ დროის მანძილზე?
-- ლექსებს მოსწავლეობიდან ვწერ. ვფიქრობდი, რომ ეს იყო უბრალო გატაცება, გართობა, რომელიც ასაკთან ერთად გაივლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღესაც ისევ ისე შევიგრძნობ გაზაფხულის წვიმას, ქარვისფერი შემოდგომაც ისევ ისე მათრობს. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ჩემეულ განცდებს „დიდი ბავშვის“ გამოცდილებაც დაემატა. მთავარი თემა ისევ სიყვარული დარჩა – დიდი, ადამიანური სიყვარული. თავიდან თითქოს მრცხვენოდა, რომ მოსწავლეებთან ჩემს ლექსებზე მესაუბრა, შემდეგ გავბედე და წავუკითხე. წარმოიდგინეთ, ზოგიერთ მოსწავლესთან ურთიერთობა შთაგონების წყაროდაც მექცა.
© photo: courtesy of Irma Navrozashviliმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
მოსწავლეებთან ერთად
- ირმა მასწავლებელი იმედიან ლექსებს წერს?
- ერთ სტროფს გაგაცნობთ და თავად განსაჯეთ:
იქ, ბავშვობაში გვეძახიან ცხოვრებით დაღლილს...
დედის ხელები აგვიწეწავს თმებს დალალიანს,
ცოტათი მაინც შვებას ვიგრძნობთ
და მერე ისევ
ავყვებით კვლავაც ჩვენს აღმართებს
ალბათ დარდიანს...
გ ა მ ო, ი დ ა რ ე ბ ს...
- ამბობენ, სკოლამ სულიერება დაკარგაო, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- სკოლა ადამიანივით მუდმივად ცდილობს, რომ სულიერება გაიმდიდროს. ჩვენს ცხოვრებაშიც არის პერიოდი, როდესაც ერთ ადგილზე ვდგავართ და ვერ ვვითარდებით, შესაძლებელია რაღაც მომენტში სკოლაც შეფერხდეს, მაგრამ არა გაჩერდეს. სკოლა მოსწავლე–მასწავლებლის ურთიერთობაა, რომელიც სიყვარულს აუცილებლად წარმოშობს, მაშასადამე, მას არც სულიერება დაუკარგავს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0