„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა: პროკურატურამ გრიგოლ ნარსიას ბრალდება წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
37 წლის გრიგოლ ნარსია ბანკიდან მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც 9 საათს გაგრძელდა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 20 სექტემბერს, 11:15 საათზე გრიგოლ ნარსია ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვის-ცენტრში.
ბოროტმოქმედმა, რომელსაც 14 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი და ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.
რაში სჭირდებოდა ანკესი? „საქართველოს ბანკზე“თავდასხმაში ბრალდებულმა ჩვენება მისცა>>>
37 წლის გრიგოლ ნარსია იმავე დღეს, ბანკიდან მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლდა.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი ისე დააკავეს, რომ მან სასურველი თანხა ვერ მიიღო. მანამდე მან მოთხოვნილი თანხა 1,5 მილიონ დოლარამდე შეამცირა.
საქართველოს მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ბანკში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოტრანსლაციებით - თავდამსხმელი მძევლებს პერიოდულად სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გასვლას აიძულებდა. ვიდეოს გავრცელებას მოითხოვდა თავად თავდამსხმელი, ამით ის ცდილობდა ყველას დარწმუნებას, რომ სერიოზულად იყო განწყობილი, შეიარაღებული და უკან დახევას არ აპირებდა. სწორედ ამის წყალობით გაიგო საზოგადოებამ მისი მოთხოვნები და ისიც, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
ბრალდებულიც არაერთხელ გამოჩნდა კადრში - ის იყო ნიღბით და სამხედრო ფორმა ეცვა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0