რაში სჭირდებოდა ანკესი? „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულმა ჩვენება მისცა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
დაკითხვის ოქმის მიხედვით, ნარსია საქართველოს დატოვებას ვერტმფრენით გეგმავდა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულმა გრიგოლ ნარსიამ ჩვენებაში დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები და თანხასთან ერთად რატომ მოითხოვა ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი.
ბანკზე თავდასხმა 20 სექტემბერის დილით მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელმაც 14 ადამიანი მძევლად აიყვანა და ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. შსს-ს სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 9 საათს გრძელდებოდა, მოხდა მძევლების გათავისუფლება, ხოლო თავდამსხმელი – 37 წლის გრიგოლ ნარსია დააკავეს.

„ჯიბიდან ხელყუმბარა ამოვიღე. ბანკში მყოფმა გოგონამ თქვა, რომ მას ხანშიშესული ქალი ახლდა თან, მთხოვა გამეშვა და მეც დავთანხმდი. ბანკში მყოფი ადამიანები მძევლად ავიყვანე. შესასვლელი კარი დავხურე და ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტი მივამაგრე“, – ციტირებს „TV პირველი“ ამონარიდს ნარსიას ჩვენებიდან.

ნარსიამ ერთ-ერთ მძევალს სთხოვა, მისი მოთხოვნები ტელეფონით გაევრცელებინა.
„მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მოვითხოვე 2 მილიონი დოლარის, რუსეთის ფედერაციის დროშის და ანკესის მოტანა. ასეთი შინაარსის საუბარი რამდენჯერმე შედგა. ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ვერტმფრენი ქუთაისის ძველ აეროდრომზე“, – ნათქვამია ჩვენებაში.
დაკითხვის ოქმის მიხედვით, ნარსია საქართველოს დატოვებას ვერტმფრენით გეგმავდა.
„მინდოდა ვერტმფრენით საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მჭირდებოდა რუსეთის ფედერაციის დროშა, რომელსაც ანკესზე დავამაგრებდი", – ციტირებს ბრალდებულს „TV პირველი".
როგორც ნარსია ჩვენებაში აღნიშნავს, იგი აიძულებდა მძევლებს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის ჩართვას, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა, რომ მას ისინი მძევლად ჰყავდა აყვანილი.
ჩვენებიდან ირკვევა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა თავდამსხმელს თავიდანვე გარკვეული თანხა შენობის უკანა ფანჯრიდან შეაწოდეს, თუმცა ის არასაკმარისი აღმოჩნდა. ნარსიამ, ჩვენების თანახმად, 2 მილიონი დოლარის მოტანა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასაფეთქებლის ამოქმედებით დაიმუქრა.
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე დაკავებულმა მოლაპარაკებების დროს გადაწყვიტა, რომ თანხა 1,5 მილიონ დოლარამდე შეემცირებინა.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დრო ითხოვეს, რის შემდეგაც ისევ მივიდნენ ბანკის ფილიალის უკანა ფანჯარასთან და შეატყობინეს, რომ მოთხოვნილი თანხა მიიტანეს. ნარსიას ასევე ჰკითხეს, თანხის ჩასადებად თან ჰქონდა თუ არა ჩანთა. ამაზე ნათქვამია ბრალდებულის ჩვენებაში.
ამ დროს დაიწყო შტურმი. ბრალდებულმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა იგი მაინც დააკავეს. ჩვენებაში ნარსიამ აღნიშნა, რომ დაკავებისას სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებები მიიღო, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან პრეტენზია არ აქვს, რადგან წინააღმდეგობა გაუწია.
თავის ჩვენებაში ნარსიამ ასევე განაცხადა, რომ მას თანამზრახველები არ ჰყოლია.
სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელს ჰქონდა დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და რაღაც ნივთიერებები, რაზეც ექსპერტიზაა დაინიშნული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელშიჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარედგინება.
ყველა ახალი ამბავი
0