ხელოვნება, რომელიც ნოსტალგიას გიმსუბუქებს, და სამშობლო, რომელიც შორს არ არის
15:30 21.09.2022 (განახლებულია: 20:30 21.09.2022)
© courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძე
© courtesy of Tsira Akhobadze
გამოწერა
ამერიკაში მცხოვრები ხელოვანი ცირა ახობაძე ამბობს, რომ წარსულის ლამაზი მოგონებები მის პალიტრაზე ნათელი ფერების სიმრავლით მჟღავნდება.
მხატვართა კავშირის წევრია 2001 წლიდან, მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ კერძო კოლექციაშია. გრაფიკაზე მუშაობა ემიგრაციაში ჩასვლის მერე დაიწყო.
- ქალბატონო ცირა, თავიდანვე გკითხავთ – თავისუფალი სამყარო რას ნიშნავს თქვენთვის?
- ჩემი აზრით, სამყარო თავისუფალია მათთვის, ვინც შინაგანად თავისუფალია და არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკაში ცხოვრობ თუ საქართველოში. აქაც და იქაც პიროვნება თავად ირჩევს საკუთარ გზას; აქაც და იქაც სახელმწიფო მანქანა გავლენას ახდენს ჩვენზე და გვაიძულებს ჩვენი ინტერესებისთვის ვიბრძოლოთ. თავისუფალი სამყარო მკაცრია, როდესაც ცდილობ საკუთარი შრომითა და ოფლით გაიკვლიო გზა. ამ გზაზე უამრავი დაბრკოლება გხვდება და მხოლოდ ძალიან მტკიცე ნებისყოფის დახმარებით ახერხებ წონასწორობის შენარჩუნებას.
© ცირა ახობაძის პირადი არქივიცირა ახობაძე გამოფენაზე
ცირა ახობაძე გამოფენაზე
© ცირა ახობაძის პირადი არქივი
- რა არის მთავარი ხელოვნებაში?
- ხელოვნებაში ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რაზე ვფიქრობდი ამა თუ იმ ნახატის შექმნისას, არამედ ის, თუ რაზე ფიქრობს მნახველი, როცა შენს ნამუშევარს უყურებს, რა გრძნობებს იწვევს ის მასში. ჩემს ერთ ნამუშევარში რამდენიმე თემაა გაერთიანებული, ეს იმიტომ, რომ ცხოვრებაში გრძნობები, მოვლენები, ხასიათები, ადამიანების ტიპაჟები ისეა ერთმანეთში გადახლართული, მათი განცალკევება არაბუნებრივი და ხელოვნური იქნებოდა. მე კი ხელოვნური არაფერი მიყვარს. ხალისიან პერიოდებს ცვლის ხოლმე ისეთი მომენტები, როდესაც სულაც არ გინდა მათი ფერით გამოხატვა. ასეთ შემთხვევაში თვითგამოხატვის საშუალებას გრაფიკა მაძლევს.
© ცირა ახობაძის პირადი არქივიცირა ახობაძე
ცირა ახობაძე
© ცირა ახობაძის პირადი არქივი
- როდესაც ემიგრანტებზეა საუბარი, უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით რთული გზა გამოიარა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წამოსულმა ემიგრაციამ...
- დიახ, ჩვენ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა: განათლების, ურთიერთობების, კარიერის და ა.შ. ბევრმა ვერ გაუძლო ამ გამოწვევებს. ვერ ვიტყვი, რომ თავისუფალი სამყარო ძალიან ლმობიერი იყო მათ მიმართ. ამერიკა არის ძლიერი ქვეყანა ძლიერი ადამიანებისთვის.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება
- რა გაძლევთ ძალას უცხოეთში?
- ის, რაც ყოველთვის და ყველგან მაძლევს ძალას და ენერგიას – ხელოვნება, ხატვა. ის მიმსუბუქებდა ნოსტალგიას და საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, მიფერადებდა აქ ყოფნის პირველი წლების დარდიან მომენტებს, მეხმარებოდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. 2003 წელს ჩემი ნახატები ამერიკის გალერეა Warel-Nase-ში და Jersey Sity-ში გამოიფინა. იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებ მივაღწიო უკეთეს შედეგებს, ისეთს, რომელსაც ხელოვნების მცოდნე წარმატებად ჩათვლის.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება
- რაზე ოცნებობს ამერიკაში მცხოვრები ხელოვანი?
- ვოცნებობ საქართველოს უკეთეს მომავალზე და ძალიან მინდა, რომ მდიდარი და წარმატებული იყოს, რადგან ის ძალიან ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა. სამშობლო ჩემთვის შორს არასდროსაა, მე მას ყოველთვის თან ვატარებ და მისი სითბოთი ვსულდგმულობ. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შემიძლია შეუზღუდავად ვეკონტაქტო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ძილის წინ უამრავ რამეზე ვფიქრობ – საქართველოში დარჩენილ ძვირფას ადამიანებზე, საკუთარ ადგილზე სამშობლოში და ამერიკაშიც.
© photo: courtesy of Tsira Akhobadzeცირა ახობაძის შემოქმედება
ცირა ახობაძის შემოქმედება
- რა ახალი თვისება აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?
- უცხოეთში აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიან ჯიუტი ვარ და შემიძლია ყველაფრის თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაწყება. დარწმუნებული ვარ, ეს ის უმთავრესი თვისებაა, რომელიც სრულიად უცხო გარემოში დამეხმარა ფეხზე დავმდგარიყავი.
ნინო მამულაშვილი