სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
რეგიონში მოსავლის დაბინავების პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუშიამ, რომელიც კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ხოლო კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.
შამუგია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტსა და ოჟიოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ფერმერების ვენახები დაათვალიერა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ყურძენზე. ეს მხარდაჭერა აუცილებელია, რათა, ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის მოსავალი სრულად იქნას დაბინავებული და, მეორე მხრივ, ჩვენ შევინარჩუნოთ მისაღები ფასები. ვფიქრობთ, 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25 ათასი ოჯახი კახეთში", – განაცხადა მინისტრმა.

შამუგიას ინფორმაციით, „რქაწითელის“ შემთხვევაში ფასები მერყეობს 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე, ხოლო „საფერავის“ შემთხვევაში – 1,5 ლარიდან 1,7 ლარამდე.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. ბოლო მონაცემებით, 140-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
კახეთში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული>>
საწარმო, რომელიც ფერმერებისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის" ან „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას კილოგრამზე 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0