კახეთში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
რეგიონში მოსავლის დაბინავების პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 7 ათასმა მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 70 მლნ ლარს აღემატება, აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რეგიონში მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 16 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.
რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ხოლო კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. ბოლო მონაცემებით, 140-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის" ან „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0