როგორ შეუყვარდა ქართველი თავადის ასული საქსონიის პრინცს - ნამდვილი ამბავი

© courtesy of uchka Apvsaოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ალბათ ყველა გოგონას მოჰყვება ბავშვობიდან ზღაპარი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცისა. თუმცა ხშირ შემთხვევაში ზღაპარი ისევ ზღაპრად რჩება ხოლმე და რეალობისგან ძალიან შორსაა...
მაგრამ ამბავი, რომელზეც ახლა გიამბობთ, გამონაკლისია და ის ქართველი თავადის ასულისა და საქსონიის გერმანელი ჰერცოგის სიყვარულზეა. თუ როგორ გაიცნო გერმანიაში მცხოვრებმა მსახიობმა და ჟურნალისტმა ნანა ანდრონიკაშვილმა არქეოლოგი, ისტორიკოსი და მწერალი ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი, ამას მასალიდან შეიტყობთ.
- ქალბატონო ნანა, ვიცი, რომ გაცნობის ინიციატივა თქვენს მეუღლეს ეკუთვნის, სად გაიგო მან თქვენ შესახებ?
- საქართველოში 1997 წელს ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი GIFT, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი. ფესტივალზე ჩამოსულმა ინგლისელმა პროდიუსერებმა ლონდონში ექსპერიმენტულ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. იქ ერთ-ერთი ჟურნალის „იმპრესიონის” რედაქტორმა ჩემზე დაწერა სტატია, სადაც ჩემს ოჯახსა და საქართველოს ისტორიაზე ვისაუბრე. სტატიაში წინაპრების ფოტოებიც იყო. ის ჟურნალი საერთაშორისო იყო და ბევრ ქვეყანაში გავრცელდა.
© photo: courtesy of uchka Apvsaნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
ნანა ანდრონიკაშვილი
- სავარაუდოდ, ჟურნალის ერთი ეგზემპლარი საქსონიის ჰერცოგსაც ჩაუვარდა ხელში...
- დიახ, ერთი ეგზემპლარი „ბრიტიშ ეარვეისის“ თვითმფრინავში მოხვდა. ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოში მოფრინავდა, ეს სტატია თვითმფრინავში წაიკითხა. იქ ჩემი ფოტოც ნახა და, როგორც შემდეგ გამომიტყდა, ჩემით დაინტერესდა. გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლისთანავე მოვეძებნე. როდესაც ტელეფონზე დამირეკა, ასე გამეცნო – ჰანს პრინცი ფონ საქსენ-ალტენბურგი გაწუხებთო. იმ დროს ახალი ჩამოსული ვიყავი ლონდონიდან, სადაც იცოდნენ ჩემი არისტოკრატიული წარმომავლობა და მეგონა რომელიმე ინგლისელი მეგობარი მეხუმრებოდა. დიდი ხანი დასჭირდა იმაში დავერწმუნებინე, რომ არ ხუმრობდა. ამ საუბრის მერე ერთმანეთს შევხვდით. მოგვიანებით ჩვენს ოჯახში მოვიდა და ახლოს გაგვეცნო.
© photo: courtesy of uchka Apvsaნანა ანდრონიკაშვილი მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან და ქალიშვილთან ერთად
ნანა ანდრონიკაშვილი მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან და ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
ნანა ანდრონიკაშვილი მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან და ქალიშვილთან ერთად
- ალბათ ხელიც განსაკუთრებულად გთხოვათ, სად გამოგიტყდათ სიყვარულში?
- როდესაც მორიგ ჯერზე საქართველოში ჩამოვიდა, სვანეთში მთხოვა გაყოლა. ოქტომბრის ბოლო იყო და მოულოდნელად გზები ჩაიკეტა. სამი დღე ველოდებოდით გზის გახსნას. სწორედ იქ, იმ ულამაზეს ბუნებაში, სადაც თითქოს ღრუბლებს ზემოთ ხარ, მთხოვა ხელი. ამის მერე თბილისში ჩინელი დრამატურგის და მათი საელჩოს მოწვევით მქონდა ჩინური სპექტაკლის პრემიერა, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი. სპეტაკლის მერე გრანდიოზული სახალხო ნიშნობა გვქონდა. მალე ქორწილიც გადავიხადეთ. შემდეგ გავემგზავრეთ ამერიკაში, სადაც ხელი მოვაწერეთ. ჰანსს საქართველოშიც უნდოდა ჯვრისწერის გამეორება და ბევრი სამეფო ოჯახის დაპატიჟება. მათ შორის იყვნენ ხუან კარლოსი და სოფიაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნიშნობა ვერ განვახორციელეთ. დღეს ჰანოვერის გარეუბანში ვცხოვრობთ, საკუთარ სახლში ულამაზესი ბაღით.
© photo: courtesy of uchka Apvsaნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
ნანა ანდრონიკაშვილი
- ბავშვობიდან შემოქმედებით გარემოში გაიზარდეთ, შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
- დედა რეჟისორი და პედაგოგი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, მამა – მსახიობი და პედაგოგი, ამიტომ თითქმის ყოველ საღამოს უნივერსიტეტსა თუ თეატრში რეპეტიციებზე ვატარებდი ხოლმე. უმაღლესის დამთავრების მერე ათი წელი რუსთაველის თეატრში ბატონ რობერტ სტურუასთან ვიმუშავე. ათამდე თეატრალური როლი და 30-მდე კინოროლი განვასახიერე. ვმუშაობდი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოშიც, სადაც ჩემი მონაწილეობით ბევრი ლიტერატურული სპექტაკლი ჩაიწერა.
© photo: courtesy of uchka Apvsaქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
ქალიშვილთან ერთად
- დღეს პატარა პრინცესას – მარიამს ზრდით...
- მარიამი 2010 წელს შეგვეძინა. მთავარი ინვესტიცია, რაც არაფრით აიწონება, განათლებაა, ამიტომ მე და ჰანსი ინვესტიციას ჩვენს შვილში ვდებთ. მარიამი ძალიან არისტოკრატულია. ამაყი ვარ, რომ სკოლაში კარგი მოსწავლეა, რაც გერმანიაში ნამდვილად არ არის ადვილი. დადის ტაეკვანდოზე, მღერის და ცეკვავს. ჰანოვერის და ზელცეს თეატრალურ და მუსიკალურ აკადემიაშიც სწავლობს. უკვე ოთხ მიუზიკლში ითამაშა. არის სამოდელო სააგენტო „1001 ღამის“ სახე.
© photo: courtesy of uchka Apvsaნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად
ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად
- ქართული კარგად იცის?
- ჰანოვერში ქართული სათვისტომოს „გემის“ საკვირაო სკოლაში დადის. ქართულად წერს და კითხულობს. კიდევ ქართულ ცეკვაზე დადის. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მარიამს საქართველოც ისევე უყვარს და სამშობლოდ თვლის, როგორც გერმანია. ეს კი დედაჩემის და პირადად ჩემი დამსახურებაა. როგორც ჰანსი, მარიამიც პატრიარქის ნათლულია, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ის ყოველ წელს სიხარულით ელოდება საქართველოში ჩამოსვლას. უყვარს მეგობრები და ჩვენი სახლი თბილისში. ჩემს გულში საქართველოდან არასოდეს წავსულვარ. მეამაყება, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავი, ამერიკაში, ინგლისსა თუ გერმანიაში, ყველა ჩემს გადაცემაში, ფილმსა თუ ინტერვიუში ჩემი მთავარი სათქმელი საქართველოა…
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0