მოპოვებული პენალტი და მოულოდნელი კრიტიკა სპალეტისგან: კვარაცხელია კვლავ ყურადღების ცენტრში

© courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედაზე 90 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე მოპოვებული თერთმეტმეტრიანია. „ნაპოლი“ შემდეგ მატჩს სერია A-ში 18 სექტემბერს „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსთან“ მატჩში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და საკუთარი კლუბის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ნაპოლი“ გლაზგოში ადგილობრივ „რეინჯერსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა დაძაბულ ვითარებაში, გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ტაიმის მიწურულს ქართველ შემტევს გოლის გატანის შანსი მიეცა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი „რეინჯერსის“ კარს მცირედით ასცდა.
მატჩის მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და კვარაცხელიაც მეტად აქტიურობდა. ნეაპოლელთა შეტევებმა 55-ე წუთზე შედეგი გამოიღო და „რეინჯერსის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ხოლო მასპინძელი გუნდი 10 კაცით დარჩა.
„განსაკუთრებული ფეხბურთელი რთული გვარით“ - „რეინჯერსის“ მწვრთნელი კვარაცხელიაზე>>
ბურთთან „ნაპოლის“ ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი მივიდა. პოლონელის დარტყმული პენალტი შოტლანდიელთა კარის დარაჯმა ალან მაკგრეგორმა მოიგერია, გამოვარდნილ ბურთზე კი მატეო პოლიტანომ ითამაშა და გოლიც შეაგდო. მაგრამ აღნიშნული ეპიზოდი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ პოლიტანომ თერთმეტმეტრიანის დარტყმის ეპიზოდში მოძრაობა ნაადრევად დაიწყო და მომენტის გადათამაშება გახდა საჭირო. თუმცა ჟელინსკიმ ვერც მეორე შანსი გამოიყენა.
შეხვედრის პირველი გოლი მატჩის 68-ე წუთზე გავიდა, რომელიც მეტწილად ქართველი შემტევის დამსახურება იყო. კვარაცხელიამ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიიღო და უძლიერესად დაარტყა, თუმცა საჯარიმოში მყოფმა ბარიშიჩმა მეკარის ფუნქციები „შეითავსა“ და ნეაპოლელების სასარგებლოდ კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა.
ლოგიკურია, რომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ჟელინსკი აღარ მისულა, თუმცა არც ეპიზოდის მთავარ გმირს ხვიჩა კვარაცხელიას მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა და შეხვედრის პირველი გოლის ავტორი მატეო პოლიტანო გახდა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
„პიცა კვარაცხელია 77" - ედინბურგში ქართველი ფეხბურთელის სახელობის პიცას ამზადებენ>>
ამის შემდეგ კაცნაკლულმა გლაზგოელებმა იტალიელთა შეტევებს 85-ე წუთამდე გაუძლეს, სხვაობის ორამდე გაზრდა რასპადორიმ მოახერხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი საბოლოო ანგარიში „ნაპოლის“ ნახევარმცველმა ნდომბელემ დააფიქსირა (3:0).
მიუხედავად კვარაცხელიას პროდუქტიულობისა, შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკრიტიკა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კვარაცხელია მუდმივად გოლის გატანაზეა ორიენტირებული და მოედანზე საჭირო გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„თქვენ ამბობთ მასზე, რომ ძლიერია, შემდეგ ის მეკარესთან ორ მეტრში ხვდება, კარში ურტყამს, როცა გვერდით თავისუფალი თანაგუნდელიც ჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებით, რომ ყოჩაღია, გოლი უნდა გაიტანოს. ასე არ არის! სწორი არჩევანის გაკეთების ცოდნა საჭიროა“, – განაცხადა სპალეტიმ.

რთული მისახვედრი არ არის, რომ კვარაცხელიას შეცდომები სპალეტიმ ქართველ გულშემატკივარს გადააბრალა, თავად იტალიელი სპეციალისტი კი თვლის, რომ ჯანსაღი კრიტიკა ფეხბურთელს კიდევ უფრო ძლიერს გახდის.
უნდა ითქვას, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე არაჩვეულებრივად ასპარეზობს და ამაში დიდი წვლილი კვარაცხელიასაც მიუძღვის. ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ჯერჯერობით „ლივერპულთან“ გაკეთებული ერთი საგოლე გადაცემაა. „ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. სპალეტის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შემდეგ მატჩს ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ ოქტომბერში გამართავს.
მანამდე „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატში სერია A-ს მოქმედ ჩემპიონ „მილანთან“ მოუწევს დაპირისპირდება – მატჩი 18 სექტემბერს სტადიონ „სან სიროზე“ გაიმართება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0