ელექტრონული არჩევნები საქართველოში შეიძლება უბნების 90%-ში ჩატარდეს - ირაკლი კობახიძე

© courtesy of Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
უფრო ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ელექტრონული სისტემა უმრავლეს საარჩევნო უბნებში იქნება გამოყენებული.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ელექტრონული არჩევნების სისტემა შეიძლება დაინერგოს არა საარჩევნო უბნების 70%-ში, არამედ 90%-ში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„ქართულმა ოცნებამ" 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.

„ყველა მსხვილი საარჩევნო უბანი იქნება აღჭურვილი ამ აპარატურით. მაღალი ალბათობით, არა 70%, არამედ 80% და შეიძლება საარჩევნო უბნების 90 პროცენტიც კი მოიცვას ამ აპარატურამ. ჩვენ დაზღვევით ვთქვით მინიმუმი – 70 პროცენტი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, საარჩევნო უბნები აღჭურვილი იქნება კენჭისყრის ელექტრონული აპარატურით, ასევე ამომრჩევლის რეგისტრაციის აპარატით.
„იყო ეს ყბადაღებული თემა „კარუსელების". იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონულია მთლიანად რეგისტრაცია, ეს თემა საერთოდ იხსნება დღის წესრიგიდან... რომც მოუნდეს ვინმეს მანიპულირება, ვერაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კენჭისყრას, როგორც კობახიძემ განმარტა, საარჩევნო კომისიას მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია ექნება.
საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქვეყანას მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„გადაწყვეტილება რევოლუციურია" - პაპუაშვილი ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე>>
როგორც მანამდე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ინიციატივა უახლოეს დღეებში კანონპროექტად ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმება პრაქტიკული ნაბიჯები ხმების დათვლის აპარატურით საარჩევნო უბნების უზრუნველყოფის მიზნით.
შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ეხებოდა.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ელექტრონული კენჭისყრა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0