„გადაწყვეტილება რევოლუციურია" - პაპუაშვილი ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
ელექტრონული სისტემით არჩევნები ჩატარდება ამომრჩევლის რაოდენობის თვალსაზრისით ყველა მეტ-ნაკლებად დიდ დასახლებულ პუნქტში.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილება ქვეყანაში არჩევნების ელექტრონული სისტემის დანერგვის თაობაზე რევოლუციურია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.

„არჩევნების ელექტრონულად ჩატარების პილოტირება ჩვენ გვქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ახლა კი ბათუმში, შუალედურ არჩევნებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი არსით არათუ მნიშვნელოვანი, არამედ რევოლუციურია იმ კუთხით, რომ ეს გამოაცლის საფუძველს ყველანაირ სპეკულაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ელექტრონული სისტემით არჩევნები ჩატარდება ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, რომელიც ამომრჩევლის რაოდენობის თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად დიდია.
თუმცა, ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარება ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც 50 ამომრჩეველია, რომელთაგანაც არჩევნებზე 10-მდე ადამიანი მიდის, პაპუაშვილის თქმით, „უბრალოდ არაეფექტურია“.
„იქ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხითაც... სხვათა შორის, ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც მოითხოვს საკმაო დაფინანსებას, სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით მთავრობასთანაც გაიმართა კონსულტაციები. ჩვენ დრო გვჭირდება, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ პროცედურისთვის მოემზადოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საერთო ჯამში ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ არჩევნების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით ყველა სპეკულაცია ავტომატურად გავაქარწყლოთ, დასძინა სპიკერმა.

„მეორე – ჩვენ შედეგები გვექნება საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში. ეს არის ძალიან დიდი დაზღვევა იმისთვის, რომ არ განმეორდეს ის დესტრუქცია, რაც ჩვენ გვქონდა 2020 წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქვეყანას მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა უახლოეს დღეებში კანონპროექტად ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმება პრაქტიკული ნაბიჯები ხმების დათვლის აპარატურით საარჩევნო უბნების უზრუნველყოფის მიზნით.
შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ეხებოდა.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ელექტრონული კენჭისყრა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ყველა ახალი ამბავი
0