საქართველო მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის დონორი გახდა

© AP Photo / Andy Wongმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
საქართველო დახმარების მიმღები ქვეყნიდან დონორ ქვეყნად გადაიქცა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) დონორი ქვეყნის ოფიციალური სტატუსი მიიღო, რაც ქვეყნის მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებულ თანამშრომლობას ადასტურებს, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) მსოფლიო ბანკის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს ეხმარება. ასოციაცია ძირითადად დონორი ქვეყნების საწევრო გადასახადით ფინანსდება სამ წელიწადში ერთხელ.
IDA-ს რესურსები ბოლოს 2021 წლის დეკემბერში შეივსო – დონორებმა 93 მილიარდი დოლარი შეაგროვეს.

„დღევანდელი დღე ჩვენი თანამშრომლობის შთამბეჭდავი განვითარების ისტორიის კიდევ ერთი დასტურია. საქართველო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დახმარების მიმღებიდან დონორის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა", – განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიო ბანკთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ბევრი წარმატებული პროექტი უკვე განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს საგზაო, კომუნალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, ინოვაციებისა და სხვა მიმართულებით", – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, ქვეყანა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
„დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და ეს მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას", – განაცხადა ხუციშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის უნიკალური შესაძლებლობები, რაც საქართველოს მსოფლიო ბანკმა შეუქმნა.
მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას>>
„აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებს არა ფინანსურად დავეხმაროთ, ჩვენი ფინანსური მონაწილეობა ამ შემთხვევაში უფრო სიმბოლურია, არამედ ჩვენი წარმატების მაგალითები, გამოცდილება გავუზიროთ ქვეყნებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს გაჭირვების პირას არიან და მათაც აქვთ თავიანთი მნიშვნელოვანი გეგმები დასახული, რომ უფრო მაღალი შემოსავლის ქვეყნები გახდნენ", – განაცხადა დავითაშვილმა.
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში ეხმარება და ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში, ასევე ეკონომიკის აღდგენის პროცესში.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ასობით პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მლრდ დოლარის შეღავათიანი კრედიტი და სესხი გამოყო.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0