ღარიბაშვილის შეხვედრა შტაინმაიერთან: საქართველო და გერმანია საიმედო პარტნიორები არიან

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ირაკლი ღარიბაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს განსაკუთრებული პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

„ბოლო 30 წელიწადში ჩვენ არა მხოლოდ დავამყარეთ, არამედ უფრო ინტენსიური გავხადეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. მომავალშიც ბევრი შესაძლებლობაა... მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები და გამოვხატავ პატივისცემას“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ შტაინმაიერმა.

ინფორმაცია შეხვედრის დეტალების შესახებ საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
„აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, აღინიშნა გერმანიის პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოში როგორც გერმანიის მთავრობის, ისე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კერძო სექტორის მხრიდან. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა გერმანული კომპანიების საქმიანობა საქართველოში.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად გერმანიის მთავრობის ძალისხმევისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეები მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მიზნით საქართველოს მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასა და გადადგმულ ნაბიჯებს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე დაისახა გეგმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და სხვადასხვა მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოითქვა.
ყველა ახალი ამბავი
0