ოხანაშვილი: არჩევნებთან მიმართებით ტექნოლოგიური პროგრესი მმართველ პარტიას უკავშირდება

© Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
ელექტრონული სისტემის დანერგვა კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით ტექნოლოგიური პროგრესი განახორციელა, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.

„ტექნოლოგიური პროგრესი არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება... ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე გამხდარიყო“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ოპოზიციისთვის უფლებების გაზრდა და საგამოძიებო კომისიების შექმნის უფლებამოსილების მინიჭება, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაუმჯობესება და პრაქტიკულად ახალი რეგლამენტის მიღება.
საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქვეყანას მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
საქართველოში არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული ფორმა დაინერგება>>>
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა უახლოეს დღეებში კანონპროექტად ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო უბნების ხმების დათვლის აპარატურით უზრუნველყოფის მიზნით.
შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ეხებოდა.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ელექტრონული კენჭისყრა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0