საქართველოში არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული ფორმა დაინერგება

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ელექტრონული სისტემის დანერგვა კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან დანერგოს ამომრჩევლის რეგისტრაციისა და ხმების დათვლის წესები ელექტრონული აპარატურის გამოყენებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ელექტრონული კენჭისყრა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესისადმი, აღმოფხვრის დისბალანსის პრობლემას საარჩევნო ოქმებში და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, კენჭისყრა მთლიანად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით გასულ წელს თბილისში, კრწანისის რაიონში ჩატარდა, მიმდინარე წელს კი საკრებულოს შუალედური არჩევნები – ბათუმის რვა საარჩევნო უბანზე.
„თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ", – განაცხადა კობახიძემ.
კერძოდ, კობახიძის განმარტებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.
მისი თქმით, ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. "პივიტის") გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს", – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა უახლოეს დღეებში კანონპროექტად ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო უბნების ხმების დათვლის აპარატურით უზრუნველყოფის მიზნით.
საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროსაბჭოს 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქვეყანას მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ეხებოდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0