ვინ ელოდება „ნაცმოძრაობის" დაშლას და რა იქნება შემდეგ? ოპოზიცია შესაძლო სცენარზე საუბრობს

© photo: Sputnik / Stringerევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
პოლიტიკოსს აქციების გზით ხელისუფლების ცვლილების არ სჯერა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი არ გამორიცხავს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას. დეპუტატი ამის მიზეზად პარტიის დამაარსებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას და პარტიის შიგნით უთანხმოებას ასახელებს.
ივლისის ბოლოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გელბახიანის თქმით, სააკაშვილს საერთოდ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ახლა მთავარი მისი შველა და სიცოცხლის შენარჩუნებაა. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებას დაცვის მხარის სტრატეგია უწოდა.

„ვფიქრობ, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება. იმ დროისათვის, როცა პარტია დაიშლება (და ამის ყველა ნიშანია სახეზე), მიხეილ სააკაშვილს შეიძლება აღარ უნდოდეს პოლიტიკაში ყოფნა და პარტიაშიც დაპირისპირებაა, ვიღაცამ უნდა მოიპოვოს იმ ამომრჩევლის სიმპათია, რომელიც რადიკალური დღის წესრიგის მომხრეა“, – განაცხადა იოსელიანმა.

დეპუტატის თქმით, რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი გამოვა რადიკალური განცხადებებით, მით მეტი შანსი ექნებათ მათ „დაეპატრონონ“ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს.
„ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ბრძოლა მიდის ხმებისთვის, რათა მომავალში თავისი ამომრჩევლის რაოდენობა გაზარდონ, ოღონდ გაზარდონ რადიკალური ამომრჩევლის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხარჯზე“, – აღნიშნა იოსელიანმა.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, მას აქციების გზით ხელისუფლების ცვლილების არ სჯერა.
„მე არ მჯერა დღეს საქართველოში ასეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილების. არამცთუ არ მჯერა, ვთვლი, რომ ასე არ უნდა მოხდეს. კონსტიტუციური განვითარების შენარჩუნების ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია და არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება“, – განაცხადა იოსელიანმა.
ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში პაპუაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია>>>
მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. უფრო მეტიც, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ, „მათ შორის, შენობის აღებაზე“.
სექტემბრის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის ყველა მოქმედება და ნაბიჯი, მათ შორის საპროტესტო აქციები, მიმართული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ. მისი თქმით, სწორედ ვადამდელი არჩევნები შეამსუბუქებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.
ამ თემაზე საუბრისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყველა ოპოზიციურ ძალას, რომლებიც ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ, „ლუზერების კრებული“ უწოდა. თავის მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“ არაგონივრულად მიიჩნიეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0