ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში პაპუაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ აქცია მას ზურგი ქართველმა ხალხმა.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეძლებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის ყველა მოქმედება და ნაბიჯი, მათ შორის საპროტესტო აქციები, მიმართული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ. მისი თქმით, სწორედ ვადამდელი არჩევნები შეამსუბუქებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

„თავად ისინიც ხომ ამბობენ, დღეს არჩევნები რომ ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგებსო. რატომ? ამ კითხვას რატომ არავინ სვამს? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევები იყო, „ქართულმა ოცნებამ“ დაიცვა ქართველი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იმიტომ ხომ არა, რომ ხალხი ფიქრობს, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ, ქართველი ხალხის ინტერესების საპირისპირო მხარეს დადგნენ, დაამატა მან.
„ყველაზე კარგი პასუხი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გასცა თავად მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ მეორე დღეს საკუთარი პოსტით, სადაც ის წუწუნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მის მოწოდებებს მოჰყვა პირდაპირი დაცინვა. ვფიქრობ, თავად ეს იდეაც დისკრედიტებულია და ყველა კარგად ხვდება, ვის რა ელექტორალური მხარდაჭერა აქვს“, – დასძინა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ აქცია მას ზურგი ქართველმა ხალხმა.
„რა პრობლემა აქვთ საარჩევნო სისტემასთან? 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მოგება შეძლო იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც ათჯერ უარესი იყო... კარგია, რომ გააცნობიერეს ის, რომ მათ არჩევნებზე წარმატება არ ექნებათ. ისინი უნდა დაფიქრდნენ თუ რატომ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ თემაზე საუბრისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყველა ოპოზიციურ ძალას, რომლებიც ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ, „ლუზერების კრებული“ უწოდა.
თავის მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“ არაგონივრულად მიიჩნიეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0