The Guardian ოროზმანში უძველესი ადამიანის კბილის აღმოჩენას სტატიას უძღვნის

© photo: Sputnik / Stringerარქეოლოგიური გათხრები
არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2022
გამოწერა
სამხრეთ კავკასიის მთიანი რეგიონი სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც აფრიკიდან წამოსული უძველესი ადამიანები დასახლდნენ, აღნიშნავენ ექსპერტები.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. არქეოლოგიური აღმოჩენა საქართველოში ამყარებს რეგიონის, როგორც ევროპაში ყველაზე ადრეული პრეისტორიული დასახლების ადგილის სტატუსს, წერს გამოცემა „გარდიანი“ დმანისთან არქეოლოგების მიერ უძველესი ადამიანის კბილის აღმოჩენის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ დმანისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სენსაციური აღმოჩენა გააკეთა – სოფელ ოროზმანში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბის კბილი იპოვეს.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ დმანისში გაკეთებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა თავის დროზე შეცვალა ადამიანთა ადრეული ევოლუციისა და მიგრაციის მოდელების შესახებ მეცნიერების წარმოდგენა.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 20 კილომეტრის მოშორებით გაკეთებული ბოლო აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა, რომ სამხრეთ კავკასიის მთიანი რეგიონი სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც აფრიკიდან წამოსული უძველესი ადამიანები დასახლდნენ.
„ეს ამყარებს საქართველოს სტატუსს, როგორც პალეოანთროპოლოგიისა და ადამიანის ისტორიის ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილისა“, – განაცხადა ბრიტანელმა სტუდენტმა-არქეოლოგმა ჯეკ პირტმა, რომელმაც ოროზმანში პირველმა აღმოაჩინა კბილი.
სენსაცია! საქართველოში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს >>
არქეოლოგთა ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელის, გიორგი ბიძინაშვილის აზრით, ნაპოვნი კბილი ზეზვასა და მზიას „ბიძაშვილებს“ ეკუთვნის – სწორედ ეს სახელები უწოდეს დმანისში 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში აღმოჩენილ უძველესი ადამიანის თავის ქალებს.
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.
წყარო - The Guardian
ყველა ახალი ამბავი
0