რატომ არ მიიღო მაკკეინის კონფერენციაში მონაწილეობა პარლამენტის სპიკერმა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის მიცემა რადიკალიზმს ახალისებს, ჩემი პასუხისმგებლობა კი რადიკალური დღის წესრიგის არწახალისებაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა პაპუაშვილმა იმაზე, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენცია, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება, მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) ორგანიზებით ჩატარდა. ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდნენ ამერიკელი ექსპერტები, დიპლომატები და ევროპარლამენტის დეპუტატები.

„ვფიქრობ, ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც ქართველ ხალხს ვნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კონფერენციის პანელზე წარმოდგენილი იყვნენ ის რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც პარლამენტის მანდატი დატოვეს, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და რეჟიმის ცვლილებაზე საუბრობენ.
„ეს არის რადიკალური დღის წესრიგი. ეს არის მიზეზი, რის გამოც არ მივიღე მონაწილეობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
წელს კონფერენცია, რომელიც უკრაინის საკითხს ეხებოდა, თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართა. მონაწილეებს შორის იყვნენ დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. მათ შორის, ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც ორშაბათს განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.
კობახიძემ მაკკეინის კონფერენციის მონაწილეები შეაფასა>>>
ვიოლა ფონ კრამონის აზრით, საქართველოს ეს პრობლემა აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიის თვალსაზრისით არასასურველია ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა სტრუქტურაზე ახდენს ზეგავლენას, დასძინა ევროდეპუტატმა.
მას უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელმაც საქართველოს მტრები უწოდა ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც დეოლიგარქიზაციის თაობაზე საუბრობენ. მისი თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ასევე ყველაფერს გააკეთებს რეფორმების განსახორციელებლად.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს. ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ მოჰყავთ ის, რომ ის და მმართველი გუნდის რამდენიმე წამყვანი წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის წყალობით მოვიდა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0