კეჟერა ფხალი ემიგრანტის აივანზე და სამყარო, რომელიც არსებობის მთავარი ღერძია

© courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
მელი თურმანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
ასეა ყოველდღე, სანამ დარაბებს გამოვაღებთ, „საქართველოში ვართ“ – ეს იტალიაში მცხოვრები მელი თურმანიძეა.
მისთვის სიზმარში ნანახი სახლი და ბაღი პატარა საყდარივითაა, სადაც ადვილად არავის „შეიპატიჟებს“ – ამბობს, რომ ამას დამსახურება სჭირდება. ამ ლამაზი სიზმრისეული სამყაროს მიღმა კი მისი ემიგრანტული ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის.
მილანში მშობლიური მერისიდან მოხვდა. როცა მიხვდა, უცხოეთში ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა, იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის ასოციაცია შექმნა. მისი საშუალებით ცდილობს ემიგრანტებს უცხოობაში გატარებული დღეები გაუფერადოს.
© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
მელი თურმანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
მელი თურმანიძე
- ქალბატონო მელი, თუ გახსოვთ ის დღე, როცა სამშობლოს ტოვებდით?
- საქართველო უკან დაბრუნების იმედით 2006 წელს დავტოვე. მახსოვს, სოფლიდან რომ მოვდიოდი, თოვდა. მე წინ ჩავლილი მეუღლისა და ძმის თოვლში გაკვალულს მივყვებოდი და გულში ვლოცულობდი, უფალს ვემუდარებოდი: ღმერთო, უფრო ძლიერ მოთოვე, ჩამოშალე მთა, გადამიხერგე გზები, გემუდარები, შემაჩერე!.. მაგრამ აქ მაინც წამოვედი, ალბათ ასე იყო საჭირო და იმიტომ... დღეს არავისგან განსხვავებული ემიგრაციული ცხოვრებით ვცხოვრობ. მეუღლესთან ერთად ორ შვილს ვზრდი, მთელი ოჯახი აქ ვართ.
© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
მელი თურმანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
მელი თურმანიძე
- უცხოეთში ცხოვრებას რა გიადვილებთ?
- ერთხელ ჩვენთან სტუმრად ჩამოსულ მშობლებს ჩვენებური კეჟერა ფხალის თესლის წამოღება ვთხოვე. მას შემდეგ ჩემს აივანზე უფხლობა აღარ ყოფილა. დროთა განმავლობაში აქ ჩამოვზიდე ვაზი, ფეიხოა, რეჰანი, ფურისულა, ტყისპირის კესანე. ახლა აქ, ამ უცხო ქვეყანაში ჩემთან პატარა მერისია. ასე ვივსებთ სულის სიცარიელეს ემიგრანტები.
© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე მეუღლესთან - ლეო ბერიძესთან ერთად
მელი თურმანიძე მეუღლესთან - ლეო ბერიძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
მელი თურმანიძე მეუღლესთან - ლეო ბერიძესთან ერთად
- ყველაზე მეტად აქ ადამიანური ურთიერთობების დეფიციტს განიცდით და საამისოდ, ვიცი, თქვენეული გზა გამონახეთ...
- ემიგრანტ ადამიანს ხომ მოფერება, თბილი სიტყვა და ღიმილი სჭირდება, მეტი არაფერი. ამიტომ ახლობელ ადამიანებთან ერთად აქ ჩამოვაყალიბე ქართული ასოციაცია „მერანი", რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი დანიშნულება აქვს – რაც შეიძლება მეტი ქართველი ემიგრანტი გაათბოს და გააძლიეროს. დროდადრო ვპოულობთ ხოლმე ფართს, სადაც შეგვიძლია მოვამზადოთ ქართული კერძები და ცოცხლად შესრულებული ქართული სიმღერის ფონზე დღესასწაულები აღვნიშნოთ.
© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
მელი თურმანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
მელი თურმანიძე
- ყველაზე აქტიურად ვინ გეხმარებათ?
- ყოველი ახალი პროექტის განხორციელებაში გვერდში აქტიურად მიდგანან ჩემი მეუღლე ლეო ბერიძე, მეგობრები და ახლო ნათესავები. განსაკუთრებით ჩემი დის იტალიელი მეუღლე ანტონიო ჯიარლეტა, რომელიც საქართველოზე შეყვარებულია და გულმოდგინედ სწავლობს ქართულ ენას და ქართულად გვიმღერის. საქართველოს ემიგრაციას მოფერება სჭირდება და სანამ შევძლებ, ჩემი წილი სიყვარული მათ არ მოაკლდებათ.
© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
მელი თურმანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
მელი თურმანიძე
- რა ესიზმრებათ ქართველ ემიგრანტებს?
- იცით, ქართველი ემიგრანტები ძილის დროს ვცხოვრობთ. ვხუჭავთ თვალებს და მოყვასებთან ერთად საყვარელ სოფლებში თუ ქალაქებში აღმოვჩნდებით ხოლმე. ლამაზი სიზმრებიდან გამოსულები, თვალს და ხელს გადავავლებთ ხოლმე ჩვენს ბაღნარებს, მერე გამოვიხურავთ სახლის კარს და რობოტებად ქცეულები ისევ შევუდგებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. სიზმარში კი ვნებივრობთ სამყაროში, რომელიც ჩვენი არსებობის მთავარი ღერძია…
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0