კულტურის სამინისტრომ კომპოზიტორთა კონკურსისთვის განაცხადების მიღების თარიღი დაასახელა

© courtesy of Studentersamfundets Symfoniorkesterორკესტრი
ორკესტრი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
საკონკურსო განაცხადების მიღება კულტურის სამინისტროში 2022 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 სექტემბრიდან დაიწყება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
კონკურსის მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან შესრულებული კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ იქნება განხილული ან ფაქტის გამოვლენისთანავე მოიხსნება კონკურსიდან.
საკონკურსო განაცხადების მიღება კულტურის სამინისტროში 2022 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მიღებული განაცხადები შემდგომ ეტაპზე გადაეცემა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს, რომელიც, თავის მხრივ, დააკომპლექტებს ჟიურის და გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულებს.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში სექტემბერში გაიმართება>>>
მუსიკალური ნაწარმოებები მიიღება შემდეგ მუსიკალურ კატეგორიებში: კამერული მუსიკა, სიმფონიური მუსიკა, საგუნდო-ვოკალური მუსიკა. ყველა კატეგორიაში სამი გამარჯვებულისთვის ფულადი ჯილდოებია გათვალისწინებული.
ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 15 დეკემბრისა.
„კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ კულტურის სამინისტრომ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად მიმდინარე წლის აპრილში დააფუძნა, მისი ჯამური ბიუჯეტი 65 ათას ლარს შეადგენს.
კონკურსი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. კონკურსი გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში – 17-დან 25 წლამდე და 25 წელს ზემოთ პირებისთვის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0