ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის საერთო ღირებულება 527,2 მლნ ლარია.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. დაიწყო ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
პროექტი ითვალისწინებს 23,8 კილომეტრის სიგრძის ოთხზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მილიონ ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს წყალგამტარი რკინა-ბეტონის მილების მოწყობა და მიწის სამუშაოები.
თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობა სამ მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527,2 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს>>>
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით ძირითადი მაგისტრალის, ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. დღეს არსებული ორზოლიანი გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე გადის (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო), რაც, ერთი მხრივ, აფერხებს მოძრაობას, მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის ადამიანებს.
ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს, აღნიშნეს უწყებაში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
ყველა ახალი ამბავი
0