საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის საერთო ღირებულება 527,2 მლნ ლარია.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისი–საგარეჯოს მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
პროექტი ითვალისწინებს 3,7 კმ საავტომობილო გზის და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის მილების, სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელებზე ყრილების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 64 მლნ ლარამდეა.

თბილისი–საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის საერთო ღირებულება 527,2 მლნ ლარია.
თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი სამ ლოტად გამოცხადდა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად ადგილობრივ კომპანიებს ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება ჰქონოდათ. შედეგად – სამიდან ერთ ლოტს, ანუ ვაზიანის შემოვლით გზას ქართული კომპანია ააშენებს.
თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი თბილისი–კახეთის მთავარი ავტომაგისტრალის და იმ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან აკავშირებს. ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის.
ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს, აღნიშნეს უწყებაში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
ყველა ახალი ამბავი
0