საქართველოში უცხოელებს მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღება შეეზღუდებათ

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვაო სასწავლებელს დაამთავრებს, საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატის მიღებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.
აღნიშნული ცვლილებები პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს მოწინავე საზღვაო ქვეყნების (დიდი ბრიტანეთის, გერმანიის) გამოცდილება. კერძოდ, აღნიშნულ ქვეყნებში განათლების მიღების შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქე ვერ შეძლებს სამუშაო სერტიფიკატის მიღებას STCW კონვენციის შესაბამისად.
ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნის იმ მეზღვაურებს, რომელთაც საქართველოში უკვე აღებული აქვთ კომპეტენციის სერტიფიკატი, ან 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შესაბამისი საზღვაო განათლება მიღებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონის საფუძველზე, უფლება ექნებათ საქართველოში მიიღონ/განაახლონ კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
ქართველი მეზღვაურების დიპლომებს 64 ქვეყანა აღიარებს>>>
2020 წლიდან საქართველოს საზღვაო სასწავლებლებში ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები შემოიღეს. მთავარი კრიტერიუმი გახდა ინგლისური ენის ცოდნა და არა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. ვინაიდან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ინგლისური მშობლიური ენაა, ისინი ქართველი მეზღვაურების პირდაპირი კონკურენტები გახდნენ. შესაბამისად, ქართველი მეზღვაურები სამუშაო ადგილების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
ცვლილებები არ გულისხმობს, რომ უცხოელებს საქართველოში სწავლის უფლება შეეზღუდებათ. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, საქართველოს საზღვაო სასწავლებლებში უფლება აქვთ ისწავლონ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რადგან საზღვაო პროფესია მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიას.
მთავრობის ცნობით, ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ძირითადი კონტინგენტი შესაძლოა იყოს აზერბაიჯანის, თურქეთის, ისრაელის, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოები (განსაკუთრებით ნიგერია) და ინდოეთი. ასევე ინტერესი გამოხატეს კასპიის ზღვის აუზის სხვა სახელმწიფოებმაც, კერძოდ, ყაზახეთმა და თურქმენეთმა.
ადრე, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება ჰქონდა მიეღო კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესახებ საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სასწავლებელი საქართველოს მიერ იყო აღიარებული.
ყველა ახალი ამბავი
0