საქართველოში უცხოელებისთვის სავიზო რეჟიმი შეიძლება გამკაცრდეს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს ამზადებს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს საიმიგრაციო ვიზის მიღების მსურველი უცხოელებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის შესაძლებლობა შეზღუდოს, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების მომზადებას აპირებს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, უცხოელებს, რომლებსაც აქვთ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში ჯამში 90 კალენდარული დღის ვადით.
ეს დადგენილება ასევე არ უზღუდავს მათ საიმიგრაციო ვიზაზე მიმართვის შესაძლებლობას.
მთავრობის ცნობით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ეს პირები ბოროტად იყენებენ კანონმდებლობის მოქმედი ნორმებით დადგენილ შესაძლებლობას (საქართველოში შემოვიდნენ მოკლევადიანი ვიზიტით და არასაიმიგრაციო მიზნებით) და სამინისტროს მიმართავენ საიმიგრაციო ვიზის გაცემის მოთხოვნით.

„ცხადია, რომ მათი მიზანია ხანგრძლივ პერსპექტივაში ბინადრობის ნებართვის აღება, რისთვისაც საჭიროებენ კანონით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის ვიზის ფლობას, რაც, თავის მხრივ, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და ამასთან კონტროლის მიღმა ტოვებს სახელმწიფო უსაფრთხოების ელემენტსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით დღის წესრიგში დადგა კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობის საკითხი. ახალი რეგულაციების ფარგლებში იგეგმება აღსრულებისას გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება და რიგი ნორმების შინაარსის დაზუსტება.
კერძოდ, დაზუსტდება იმ პირთა წრე, რომლებზეც გაიცემა საქართველოს ვიზა; მოხდება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისა და ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამიჯვნა, ასევე ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გაფართოება, იუწყება „პირველი არხი“.
გარდა ამისა, იგეგმება საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისა და ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძვლების ერთმანეთისგან გამიჯვნა/დაზუსტება.
არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ვიზის გაუქმება შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ უცხოელის საქართველოში ყოფნის პერიოდში, არამედ საქართველოში შემოსვლამდეც. შესაბამისად, მიზანშეწონილია ვიზის შეწყვეტის საფუძვლების ცალკე გამოყოფა, განაცხადეს მთავრობაში.
მთავრობამ პარლამენტს უკვე გააცნო დაგეგმილი ცვლილებები. პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმის დაწესების შესაძლებლობას უშვებს.
ყველა ახალი ამბავი
0