კაპრიზები და ისტერიკა ბავშვებში: ოთხი მთავარი მიზეზი და რეკომენდებული ტაქტიკა
17:43 05.09.2022 (განახლებულია: 22:45 05.09.2022)
© Pixabay / TJENAმტირალი ბიჭუნა
© Pixabay / TJENA
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. რა შესანიშნავი იქნებოდა, ყველა ბავშვი ყოველთვის კარგად რომ იქცეოდეს და მხოლოდ იმას აკეთებდეს, რის უფლებასაც აძლევენ მშობლები. მაგრამ ეს შეუძლებელია − იდეალური ადამიანები არ არსებობენ და ამაში არც ბავშვები არიან გამონაკლისი, წერს გაეროს ბავშვთა ფონდი (Unicef) სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ბავშვებს ზოგჯერ სჩვევიათ ძლიერი ემოციების აგრესიული გამოვლენა, რა დროსაც ისინი ეცემიან ძირს, აბაკუნებენ ფეხებს იატაკზე, ყვირიან, ურტყამენ ირგვლივ მყოფებს. მშობლებისთვის აუცილებელია გაიგონ ბავშვებში ცუდი განწყობისა და ქცევითი აფეთქებების მიზეზები, რაც მათ დაეხმარება, შეიმუშაონ ზომები უსიამოვნო ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად.
როგორც წესი, ბავშვი ცუდად იქცევა მაშინ, თუ ის არის დაღლილი, მშიერი ან რაღაცით იმედგაცრუებული. ყველაზე ხშირად ასეთი ქცევა თავს იჩენს მაშინ, როდესაც უფროსები მას რაიმეს უკრძალავენ − რაღაც ნივთის აღებას, წვიმის გუბეში თამაშს, რომელიმე ნუგბარის ჭამას და ა.შ.
ზოგჯერ ასეთი ემოციური აფეთქების მიზეზი შეიძლება იყოს თანატოლებთან კონფლიქტი: მაგალითად, თუ ერთმა ბავშვმა მეორეს სათამაშო წაართვა, „დაჩაგრულმა“ კი არ იცის, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს ამ სიტუაციაში, როგორ მიიპყროს უფროსების ყურადღება, როგორ გამოხატოს თავისი წყენა.
ფსიქოლოგები გამოყოფენ ქცევითი აშლილობის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს:
ბავშვს სურს ყურადღების მიპყრობა;
არ სურს დაემორჩილოს უფროსებს;
სურს უფროსების დაჯაბნა;
შურს იძიებს უფროსებზე იმის გამო, რომ ვერ გრძნობს მათ სიყვარულს.
დადგენილია, რომ ცუდი ქცევა განსაკუთრებით ვლინდება ორი-სამი წლის, ხუთი წლის, შვიდიდან რვა წლამდე და ასევე მოზარდობის ასაკში. ამ კრიტიკულ პერიოდებში ბავშვები ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი ინდივიდუალობა და გაავლონ უხილავი ხაზი საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს შორის.
როგორც წესი, კრიტიკულ ასაკობრივ პერიოდებში ბავშვების მეტყველების განვითარება არ შეესაბამება მათ ემოციურ განვითარებას. ბავშვს არ შეუძლია სიტყვიერად გამოხატოს მასში მიმდინარე ცვლილებები, გამოხატოს თავისი გრძნობები და სურვილები.
გარდა ამისა, ამ ასაკობრივ პერიოდებში ბავშვების ნერვული სისტემა უფრო მგრძნობიარეა, უფრო დაუცველია, ამიტომაცაა ის მიდრეკილია ქცევითი გამოხდომებისკენ.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი
Unicef-ის ფსიქოლოგების თქმით, მშობლები უნდა შეეცადონ, ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ შვილის ემოციებს, გაერკვნენ ცუდი ქცევის მიზეზებში, დაეხმარონ ბავშვს – გაეცნოს სხვადასხვა ემოციებს.
თუ ბავშვს ისტერიკა დაემართა, რეკომენდებულია შემდეგი ტაქტიკა:
თუ ისტერიკა რაღაცაზე უარის ან აკრძალვის საპასუხოდ დაიწყო, აუცილებელი არ არის, რომ მშობელმა დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება. უმჯობესია მტკიცედ უთხრან „არა“ ბავშვს − ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა ნამდვილად აუცილებელია;
თუ ბავშვი ხელში აყვანას ითხოვს, მისი მოთხოვნა უნდა შესრულდეს. ამ მომენტში ნებისმიერი დარიგება და ჭკუის სწავლება მიუღებელია;
თუ ისტერიკა დაწყებულია, ბავშვის იძულებით ხელში აყვანა რეკომენდებული არ არის;
ისტერიკის დროს ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლება. ეს შეიძლება სახიფათო იყოს;
თუმცა, თუ თავად მშობელი ამ დროს თავადაა უკიდურესად აღელვებული და ვერ აკონტროლებს თავის ქმედებებს, ჯობს ბავშვს მოშორდეს.
საქმე ისაა, რომ ძალიან ხშირად გაბრაზებული მშობლები ან უყვირიან ბავშვს, ან ურტყამენ კიდეც მას (ზოგჯერ მოუზომავადაც). მერე კი დანაშაულის გრძნობა და სინანული აწუხებთ. ამიტომაც სასურველია, თავად მშობელმა აკონტროლოს ემოციები სწორედ მაშინ, როცა ამას ბავშვისგან მოითხოვს.
ისტერიკის მომენტში ბავშვმა შეიძლება ყური არ უგდოს (ვერ გაიგოს) უფროსების ახსნა-განმარტებებსა და დამშვიდებას, მაგრამ როდესაც „ემოციური გამწვავება“ დაიკლებს, სცადეთ გადაატანინოთ მას ყურადღება რაიმე მოქმედებაზე ან ობიექტზე.
თუ ჭირვეული ბავშვი გყავთ
Unicef-ის სპეციალისტები მშობლებს სთავაზობენ რამდენიმე რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ააგონ თავიანთი ქცევის სტილი ჭირვეულ შვილთან.
აჩვენეთ შვილს მაგალითი საკუთარი ქცევით − შეიკავეთ ემოციები, რადგან ბავშვი ქცევაში თქვენ გბაძავთ;
დაუთმეთ ბავშვს საკმარისი ყურადღება. მან არასდროს არ უნდა იგრძნოს თავი დავიწყებულად. თუმცა იმავდროულად აუხსენით შვილს, რომ არის შემთხვევები, როცა სხვა საზრუნავიც გაქვთ − ეს მან უნდა გაიგოს და მიიღოს;
მოერიდეთ უკიდურესობებს: ბავშვს არ უნდა მისცეთ უფლება, გააკეთოს ის, რაც მოესურვება, მაგრამ ყველაფრის აკრძალვაც არ შეიძლება. თავად გადაწყვიტეთ, რა არის დასაშვები მისთვის და რა − არა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ოჯახის სხვა წევრებთანაც შეათანხმეთ;
იმისათვის, რომ ბავშვი სათანადოდ განვითარდეს ემოციურად და თავდაჯერებულობა მოიპოვოს, მშობელი ყოველდღიურად 8-10-ჯერ მაინც უნდა შეეხოს ალერსიანად და მზერითაც გამოხატოს შექება-მოწონება;
ბავშვის ისტერიული შეტევები ყველაზე ხშირად უკავშირდება ყურადღების მიპყრობის, ან სიბრალულისა თუ თანაგრძნობის მიღების სურვილს. საჭირო არ არის წააქეზოთ ბავშვი და შეცვალოთ თქვენი მოთხოვნები, უბრალოდ, როცა ბავშვი დაწყნარდება, აუხსენით, რატომ მოიქეცით ასე და არა სხვაგვარად.
გახსოვდეთ: თუ თქვენი მცდელობები შედეგს ვერ მოიტანს და ისტერიკები გახშირდება, მიმართეთ სპეციალისტს.
წყარო: Unicef