მმართველმა პარტიამ სენაკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

© photo: Sputnikმმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
ხელისუფლების კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ სენაკის მუნიციპალიტეტში უმრავლესობას მიიღებს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას შუალედურ არჩევნებში სენაკის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარუდგინა.
სენაკის საარჩევნო ოლქის სამ უბანზე მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა.

„გვსურს წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ყურაშვილი არის „ქართული ოცნების“ ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც „დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია – „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ“.
არჩევნები საქართველოში: რა ხდება სენაკში >>
აღსანიშნავია, რომ სენაკის საკრებულო ცოტა ხნის წინ თავმჯდომარის გარეშეც დარჩა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ აგვისტოს შუა რიცხვებში უკანონოდ ცნო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კაჭარავას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა.
ახალი თავმჯდომარის არჩევა ამჟამად შეუძლებელია, რადგან საკრებულოში არც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას უმრავლესობა არ ჰყავთ. წურწუმიას წასვლის შემდეგ სენაკის საკრებულოში მმართველ პარტიას და ოპოზიციას 16–16 მანდატი აქვთ.
ამრიგად, ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0