ელექტრომობილების დამტენები თბილისი-ბათუმის ავტობანზეც დამონტაჟდება

© photo: Sputnik / Stringerელექტრომობილის დამტენი
ელექტრომობილის დამტენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
დასავლეთ საქართველოს მხარეს ორი ელექტროდამტენი სადგურის მოწყობა იგეგმება – როგორც თბილისი–ბათუმის, ისე ბათუმი–თბილისის მიმართულებით.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად ელექტრომობილების დამტენ დამატებით 50 ერთეულ მოწყობილობას დაამონტაჟებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპელიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მერის თქმით, 30 ელექტროდამტენი თბილისში, 20 კი დასავლეთის მიმართულებით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დამონტაჟდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში ელექტრომობილები წავახალისოთ. რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება, მით უკეთესი. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს ხელს ვუწყობთ და მიღებული გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა კალაძემ სხდომაზე.

მისი თქმით, არის გარკვეული შეღავათები, თუნდაც ის, რომ ელექტრომობილების მფლობელები პარკინგის საფასურს არ იხდიან. ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ელექტრომობილები ჰყავთ, ლიცენზიის გადასახადს არ იხდიან.
„ამასთან, მთელი ქალაქის მასშტაბით ჩვენ უკვე დავაყენეთ ელექტროდამტენები – დაახლოებით 60 ერთეული. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ელექტრომობილების დატენვა უფასოა“, – აღნიშნა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ელექტრომობილების დატენვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კალაძის თქმით, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ორი ელექტროდამტენი სადგურის მოწყობა იგეგმება – როგორც თბილისი–ბათუმის, ისე ბათუმი–თბილისის მიმართულებით.
გაიხსნება თუ არა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა? ახალი წარმოების პერსპექტივები>>>
თითოეულ სადგურზე დამოტაჟდება 10 სწრაფი დამტენი მოწყობილობა საჭირო ინფრასტრუქტურით, კვების ობიექტებით, დასასვენებელი სივრცეებითა და ადგილებით. აღნიშნული პროექტის განხორციელება 7 თვეში უნდა დასრულდეს.
რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლება შედის.
2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.
ყველა ახალი ამბავი
0