გამოქვეყნდა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები

© courtesy of NAECსაგამოცდო ცენტრი
საგამოცდო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
უწყება მოუწოდებს მომავალ სტუდენტებს, ხელშეკრულების გასაფორმებლად უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 32.100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აბიტურიენტებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა უკვე შეუძლიათ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე https://online2.naec.ge/uee-res და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

„წლევანდელი შედეგებით, გამოცდები რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 77%-მა ჩააბარა. სახელმწიფო გრანტი 6.550-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათგან 100%-იანი გრანტი 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა დაიმსახურა, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1500-მდე ახალგაზრდამ, ხოლო 50%-იანი დაფინანსება – 4 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა“, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2022 წლის ეროვნულ გამოცდებს 8 ათასი აბიტურიენტი გამოეთიშა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ზღვარი ყველა საგანში გადალახეს, თუმცა იმის გამო, რომ მათ საკმარისი რაოდენობის პროგრამები არ აირჩიეს, ან ისეთი პროგრამები აირჩიეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მომავალ სტუდენტებს, უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს სასწავლებელს, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, და გააფორმონ ხელშეკრულება.
აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, 9,5 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 34,5 ათასი მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული.
ყველა ახალი ამბავი
0