კლინიკა „ვივამედი“ მზადაა სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს კითხვებს უპასუხოს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ორ უცხოელ ექსპერტს მისი მონახულებისა და შემოწმების ნება დართო.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაცია მზადაა სასამართლოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია წარუდგინოს, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.

„მე არაერთხელ ვთქვი, რომ თუ სასამართლოს ექნება კითხვები ჩვენი ადმინისტრაციის მიმართ, მზად ვართ ვუპასუხოთ ამ კითხვებს, იქნება ეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ სხვა“, – განაცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.

ჯანდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ორ უცხოელ ექსპერტს მისი მონახულებისა და შემოწმების ნება დართო. ამერიკელი ექსპერტი დილიდან „ვივამედში“ იმყოფება. ცნობილია, რომ უახლოეს საათებში თბილისში შვეიცარიიდან კიდევ ერთი ექსპერტი ჩამოვა.
წინასწარი მონაცემებით, უცხოელი ექსპერტები შეუერთდებიან ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტების ჯგუფს და სააკაშვილის შემოწმების შემდეგ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ საკუთარ დასკვნას წარმოადგენენ.
„იმედი მაქვს, რომ მდგომარეობის გრადაცია, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და სხვა ყველაფერი გაკეთდება საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით. ჩვენი მიზანი ნებისმიერი პაციენტის გამოჯანმრთელება და სრული რეაბილიტაციაა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
უცხოელი ექსპერტების მოწვევის ინიციატივა სააკაშვილის ადვოკატებს ეკუთვნით. მათი აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების დასკვნა გახდება საფუძველი სასამართლოს წინაშე ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დასაყენებლად.
ბრეგაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს>>>
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.
ადვოკატების თქმით, მომავალ დასკვნაში მოცემული იქნება ასევე ექს-პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0